05 ივლისი 2024,   17:35
ვრცლად
"უპრეცედენტო დასწრებაა, ამდენი ხალხი არასდროს გვინახავს"... - ფეხბურთელების ემოციები საზეიმო დახვედრის დასრულების შემდეგ

თავისუფლების მოედანზე "ეროვნული ნაკრების" ფეხბურთელების დახვედრის ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდა. საზეიმო დახვედრის შემდეგ, ემოციას ვერ მალავდნენ ფეხბურთელებიც. ისინი გულშემატკივარს, კიდევ ერთხელ, მადლობას ეუბნებიან ტურნირის განმავლობაში ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც, მათი თქმით, თითოეული ფეხბურთელისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. როგორც სპორტსმენები მედიასთან აცხადებენ, დახვედრას ელოდნენ, მაგრამ ის, რაც ნახეს, უპრეცედენტო იყო.

გიორგი გველესიანი: "არის ნამდვილად უპრეცედენტო დასწრება, არ ვიცი, ამდენი ხალხი არასდროს გვინახავს. ვართ ძალიან ბედნიერები, უზომოდ გახარებულები, რომ ასე გავახარეთ და გავაერთიანეთ ქართველი ერი. ვიმედოვნებთ, რომ ეს იყო მომავალი წარმატებების დასაწყისი," - აცხადებს გიორგი გველესიანი".

გიორგი მამარდაშვილი: "ძალიან დიდი მადლობა ამ ხალხს, ძალიან მაგრები არიან".

საბა კვირკველია: "ველოდით, რომ იქნებოდა კარგი დახვედრა, მაგრამ ასეთს ნამდვილად არ ველოდით. მთელი ევროპის ჩემპიონატის მანძილზე იგრძნობოდა ეს გვერდში დგომა და ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა ნაკრების შედეგში და თამაშის ხარისხში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ქართველს, ასეთი მხარდაჭერისთვის".

ოთარ კაკაბაძე: "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამდენი ხალხი გავახარეთ. ძალიან მადლობელი ვარ ასეთი დახვედრისთვის და მინდა გითხრათ, რომ ეს არის დიდი წარმატების დასაწყისი, რადგან ახალგაზრდა გუნდია და ყველაფერი წინ არის".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები სამშობლოში გუშინ დაბრუნდნენ. მათ პატივსაცემად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობა გაიმართა, რომელიც საზეიმო ღონისძიებით დაგვირგვინდა.

იქამდე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრების დამარცხება, ჯგუფიდან გასვლა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ასპარეზობა მოახერხა.

დღის ამბები