21 ივლისი 2024,   23:21
ვრცლად
ბათუმში ზღვაში ბანაობა უსაფრთხოა - სპეციალისტებმა ლაბორატორიული კვლევები ჩაატარეს

ბათუმში ჩასული ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის, ზღვაში ბანაობა უსაფრთხოა - გასული წლის მსგავსად ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია - ამის თქმის საფუძველს კი სპეციალისტებს 12 ლოკაციაზე აღებული ნიმუშების კვლევის პასუხები აძლევს. ლაბორატორიულ კვლევას, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ატარებს, თუმცა თბილისის ნაცვლად, უკვე ბათუმში, სადაც ახალი მკვლევრებისთვის ახალი ოფისი გაიხსნა. ლაბორატორიაში ზღვის წყლის ხარისხი 59 პარამეტრით მოწმდება.

აჭარის რეგიონში ადგილობრივებმა იციან, რომ წელსაც ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. სეზონის ოფიციალურ გახსნამდე, ზაფხულის ცხელ დღეებს უკვე შავი ზღვის სანაპიროზე ატარებენ.

შავი ზღვის ხარისხის მონიტორინგი ეტაპობრივად ხორციელდება. ნიმუშები 12 ლოკაციაზე აიღეს. წყლის ქიმიური და ჰიდრობიოლოგიური მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შავ ზღვაში ბანაობა უსაფრთხოა. კვლევა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიულმა კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა.

შავ ზღვაზე აღებული სინჯებით, დაახლოებით 59 პარამეტრის მნიშვნელობა ისაზღვრება. შესაბამისად, სრული ანალიზისთვის, წყლის ქიმიური და ჰიდრობიოლოგიური მონაცემები იგზავნებოდა თბილისის ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ლაბორატორიაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს რეგიონული ოფისი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. წყლის ხარისხის განსაზღვრის გარდა, შენობაში მოწყობილია ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის ანალიზის, მეთევზეობის, აკვაკულტურის მიკრობიოლოგიური და ჰიდრობიოლოგიური ლაბორატორიები, რომლებიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე ხელსაწყო-დანადგარებით.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისში ამ ეტაპზე 34 თანამშრომელია დასაქმებული. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სააგენტო სამომავლოდ, მონიტორინგის სადგურების რიცხვის გაზრდას დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც ანონსებს.

დღის ამბები