16 ნოემბერი 2024,   16:55
ვრცლად
საფრანგეთი, გერმანია, აშშ, ევროკავშირი სრულად აჩერებს დახმარებას - ეს არის უდიდესი დარტყმა და ძალიან სამწუხარო ფაქტი - გიორგი ვაშაძე

საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრის განცხადებას ოპოზიციაში შეფასებები მოჰყვა. საუბარია ელჩის განცხადებაზე, სადაც ის აცხადებს, რომ ქვეყანა საქართველოს დროებით დახმარებას უჩერებს. დიპლომატის თქმით, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საფრანგეთი გააძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დახმარებას.

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, ეს ამბავი ქვეყნისთვის დიდი დარტყმაა.

"საფრანგეთი, გერმანია, აშშ, ევროკავშირი სრულად აჩერებს დახმარებას. ეს არის უდიდესი დარტყმა და ძალიან სამწუხარო ფაქტი. მე არ მგონია, რომ საქართველოში ვინმეს შეიძლება ეს გაუხარდეს, მაგრამ, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აქედან გამოსავალი გვაქვს, ეს არის ერთიანობა და ერთსულოვნება 26 ოქტომბერს. დიახ - ერთიანობით, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და ამ სირცხვილისგან, "ქართული ოცნების" სახით, რომელიც ქვეყანას მართავს, უნდა გავთავისუფლდეთ", - აცხადებს ვაშაძე.

ამასთან, გიორგი გახარიას პარტიის წევრის, ანა ბუჩუკურის თქმით, "ფაქტობრივად შეჩერებულია ევროინტეგრაციის პროცესი და ის დახმარებები პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც მომართული იყო საქართველოსადმი." მისივე თქმით, "ამას, სამწუხაროდ, ექნება დომინოს ეფექტი."

რაც შეეხება ხელისუფლებას, ელჩის ეს განცხადება გაუგებარია მმართველი გუნდისთვის, სადაც აცხადებენ, რომ დიპლომატის ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება და საფრანგეთიდან საქართველოს ბიუჯეტში არანაირი თანხა არ ირიცხება.

დღის ამბები