25 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
ტერორიზმისა და შეთქმულების გრიფით საიდუმლო საქმეზე დასაკითხთა რაოდენობა იზრდება - ვისთან აქვს კითხვა გამოძიებას

ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეზე, ნადირ ხმალაძე სასამართლოში, დასაკითხად, 16:00 საათზე მივიდა. ის სხდომათა დარბაზში ჩვენებას ადვოკატის თანდასწრებით ერთი საათზე მეტხანს აძლევდა.

რატომ დაინტერესდა უსაფრთხოების სამსახური მისი პერსონით ისეთ მძიმე საქმეზე, როგორიც ტერორიზმია? - ხმალაძეს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. იმის გამო, რომ საქმე გრიფირებულია, მოწმე დეტალებზე არ საუბრობს და, შესაბამისად, უცნობი რჩება, რა ეპიზოდზეა საუბარი და რა სახის ტერორისტული აქტი მზადდებოდა.

დაკითხვის დეტალები ნაწილობრივ გაასაჯაროვა ნადიმ ხმალაძის ადვოკატმა. ერთსაათიანი დაკითხვის შემდეგ, მიხეილ რამიშვილმა დაადასტურა, რომ ძირითადი კითხვები ტერორიზმის მომზადებას შეეხებოდა, თუმცა ვინ, ან რა იყო სამიზნე, ამაზე ადვოკატს არაფერი უთქვამს.

ნადიმ ხმალაძის მსგავსად, მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცემს ჩვენებას უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი. კონსტანტინე ჯღამაია მოდულის შენობაში დღეს ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა, საგამოძიებო ორგანოში ჩვენების მიცემაზე უარი თქვა და დაკითხვა სასამართლოში არჩია.

კონსტანტინე ჯღამაიას დაცვის მხარე პირველი ადვოკატი იყო ამ საქმეზე, ვინც ღიად დაადასტურა, რომ მიმდინარე გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადებასაც ეხება.

ტერორიზმის მომზადებისა და სახელმწიფო შეთქმულების საქმეზე, სასამართლოში უკვე დაკითხეს ლაშა ჭიღლაძე. დაკითხვიდან გამოსული ადვოკატი მედიას არწმუნებდა, რომ გამოძიება მხოლოდ შეთქმულების მუხლით მიმდინარეობს. იმავე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ საქმე აღძრულია ტერორისტული აქტის მომზადების ფაქტზეც.

ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეზე, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოძიების ფარგლებში, საქმესთან სავარაუდო შემხებლობაში მყოფი სხვა პირებიც გამოიკითხებიან.

 

დღის ამბები