საირიგაციო სისტემების პროექტირების შესახებ, კორეულ კომპანიასთან, 12 მილიონი დოლარის ღირებულების ორი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ და კომპანიის "იოშინ საინჟინრო კორპორაცია" ვიცე-პრეზიდენტმა, კიმ ჩონ ჰუანმა მოაწერეს ხელი.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, თენგიზ ნასარიძის განცხადებით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 27 ათას ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისთვის გაუმჯობესდება წყალმომარაგების უზრუნველყოფა და მოწესრიგდება სადრენაჟე ინფრასტრუქტურა.
"ცნობილ სამხრეთკორეულ კომპანიასთან, რომელსაც საირიგაციო დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების დაპროექტებასა და ზედამხედველობაში უდიდესი გამოცდილება აქვს, გაფორმდა კონტრაქტი. ვფიქრობ, დაახლოებით 5-6 წელიწადში, ჩვენი ქვეყნის საირიგაციო სისტემა თვისობრივად სხვა დონეზე ავა. ჩვენ მივიღებთ მოდერნიზებულ, წყალდამზოგ და კლიმატგონივრულ სისტემებს, რომელთა გამოყენებაც ხელს შეუწყობს ჩვენს ფერმერებს; ეს მნიშვნელოვანი იმპულსი იქნება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის კიდევ უფრო წარმატებულად წარმოებისთვის", - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.