25 ნოემბერი 2024,   05:45
ვრცლად
7-დღიანი საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ყოველდღიურად, გრიფირებული საქმის კონკრეტული დეტალები ხდება ცნობილი - სუს-ი დაკითხვებს განაგრძობს

იმედა იმედაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 15:00 საათზე მივიდა. შენობაში შესვლამდე, ბიზნესმენმა ჟურნალისტების კითხვებს თავი აარიდა და 3-საათიანი გამოკითხვის დეტალებზე არც გამოსვლის შემდეგ ისაუბრა. მედიის მთავარი კითხვა - უკავშირდებოდა თუ არა სუს-ში მისი მისვლა ტერორისტული აქტის მომზადებისა და ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების საქმეს - ბიზნესმენმა უპასუხოდ დატოვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მალევე დაადასტურა, რომ ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებისა და ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების საქმეზე გამოიკითხა.

ტერორისტული აქტის მომზადებისა და ხელისუფლების დამხობისთვის შეთქმულების საქმეზე, სუს-ის გარდა, მოწმეები სასამართლოშიც მივიდნენ. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, დღეს ორი მოწმე დაიკითხა.

საქალაქო სასამართლოში პირველი მოწმე კონსტანტინე ჯღამაია იყო. სხდომათა დარბაზიდან გამოსულმა, მედიას უთხრა, რომ არ ახსოვს, რა კითხვები დაუსვეს დაკითხვის დროს.

კონსტანტინე ჯღამაია დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა. ინტერესების დამცველმა კონკრეტულ გარემოებებზე ყურადღება არ გაამახვილა, თუმცა თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე დასმულ კითხვებს ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა.

ერთი საათი გაგრძელდა, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, კიდევ ერთი მოწმის - ლაშა რუხაიას დაკითხვა. ფოთის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა არ უარყო, რომ კითხვები ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებისა და ხელისუფლების გადატრიალებისთვის შეთქმულების საქმეზე დაუსვეს. რუხაიამ დაკითხვის დეტალები ნაწილობრივ გაასაჯაროვა. თქვა, რომ გამოძიება დაინტერესებული იყო, ასევე, მის კავშირებზე უკრაინაში მყოფ ქართველებთან. გააჟღერა კონკრეტული გვარებიც.

7-დღიანი საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ყოველდღიურად, გრიფირებული საქმის კონკრეტული დეტალები ხდება ცნობილი. დაკითხული მოწმეები და ადვოკატები დანაშაულის ეპიზოდებს ასაჯაროებენ. პირველი, ვინც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, სასამართლოდან გამოსული გელა კახაბრიშვილი იყო, მანამდე კი ადვოკატები და გამოკითხული პირები ტერორიზმის მომზადების მუხლს არ ახსენებდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ გამოძიება მხოლოდ 315-ე - შეთქმულების მუხლით მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო გადატრიალებისთვის შეთქმულების საქმეზე, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ინტენსიურად გრძელდება. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გამოიკითხებიან მოწმეებიც.

დღის ამბები