ამერიკული დელეგაციის ვიზიტი საქართველოში გრძელდება. სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, როგორც მესამე სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, საუბარი ძირითადად, გამჭვირვალობის კანონსა და საქართველოში საარჩევნო გარემოს შეეხო. მათი თქმით, სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან არსებობს მაღალი ინტერესი, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული.
"ზოგადად, რუსული კანონის გამოწვევებზე იყო საუბარი, თუ რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ ჩვენ. წელს, საქართველოსთან მიმართებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც უახლოეს თვეებში მოხდება, ეს არის არჩევნები და შესაბამისად, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებითაც იყო საუბარი," - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ.
ამასთან, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში, სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს, საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი კობახიძე შეხვდება. ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მომავალი არჩევნები - განხილვის მთავარი თემებია.
გარდა ამისა, ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში, სენატორი და კონგრესმენი კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.