ისტორიული გამარჯვება მოპოვებულია. პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ჰიმნი ორჯერ აჟღერდა. ორი ოქრო საათნახევრიანი ინტერვალით.
უმაღლესი სინჯის მედალი დღის ბოლოს ლაშა ტალახაძემ მოიპოვა. შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონმა, ტრიუმფი ახლა უკვე ზაფხულის ოლიმპიადაზე იზეიმა.
ქართველი ძალოსანი ოლიმპიადის ოქროს მედალოსანი ზედიზედ მესამედ გახდა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე, სამშობლოს სახელით, კიდევ ერთხელ ავიდა. ეს კი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა.
მეორე ოლიმპიური ოქრო, ქვეყანას გენო პეტრიაშვილმა მოუტანა, რომელმაც, თავისუფალ ჭიდაობაში ბრწყინვალე დაპირისპირებით, ირანელი მეტოქე დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. წინ კიდევ ერთი გადამწყვეტი ბრძოლაა. უმაღლესი სინჯის მედლისთვის დღეს გივი მაჭარაშვილი იბრძოლებს.
ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის განცხადებით, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე კონკურენცია მაღალი იყო, თუმცა ლაშა ტალახაძის უკან ძალიან დიდი შრომაა, შესაბამისად ძალოვანმა ღირსეულად გაართვა ამოცანას თავი და ოქროს მედალი მოიპოვა.
"გაცილებით დასაფასებელია ეს მედალი, ვინაიდან ლაშა, 330 დღეზე, მეტია არ გამოსულა საერთაშორისო ფიცარნაგზე და არ არის მარტივი ეს გრძნობა შეინარჩუნო. ეს ახლა იოლად სათქმელია, მაგრამ მართლაც სირთულე იყო, თუმცა გაართვა თავი, როგორც უნდა გაერთვა. დაგეგმილი გვქონდა, რომ 215-255 იქნებოდა ოქრო. კი, კონკურენცია მაღალი იყო, მაგრამ ის შრომა, რომელიც ლაშას უკან დგას, არის კოლოსალური", - განაცხადა გიორგი ასანიძემ.