05 ოქტომბერი 2024,   11:35
ვრცლად
პარიზის ოლიმპიადას საქართველო 3 ოქროს , 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით ასრულებს - 3 ოლიმპიური ოქრო საქართველომ, ბოლო 16 წლის განმავლობაში, პირველად მიიღო

97 კილოგრამამდე წონითი კატეგორია - გივი მაჭარაშვილი - ვერცხლი - ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ პირად კოლექციას სადებიუტო ოლიმპიური მედალი შემატა, საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს კი რიგით მე-7 მედალი მოუპოვა. 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო - პარიზში მიმდინარე თამაშებს ქართველი ოლიმპიელები 7 მედლით და, 206 მონაწილე ქვეყანას შორის, 24 ადგილით ასრულებენ. გივი მაჭარაშვილს ჩემპიონობის რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე 21 წლის ახმედ ტაჟუდინოვმა ის კონტრშეტევაზე დაიჭირა, შებოჭა და მოულოდნელად დაამარცხა.

ქართველებისთვის გაცილებით წარმატებული იყო გუშინდელი დღე...

ვინ არის მეფე მძიმე წონაში - მათ ლეგენდარული თურქი მოჭიდავე ტაჰა აქგული დიდი სპორტიდან პარიზის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლით გააცილეს, რის შემდეგაც პირველობისთვის პრინციპული დუელი დაიწყო...

გენო პეტრიაშვილი ირანელი ამირ ჰოსეინ ზარეს წინააღმდეგ - ამ შეხვედრას წინ უძღოდა ურთიერთდაპირისპირებები სხვადასხვა ტურნირზე და სხვადასხვა შედეგი. პირადი კონკურენციის გარდა, იყო კიდევ ერთი გარემოება, რომელიც სპორტის ამ სახეობისა და პირადად გენო პეტრიაშვილის გულშემატკივარს კარგად ახსოვს - წინა ოლიმპიური თამაშების ფინალი და მარცხი ბოლო წამებზე, რომლის კომპენსაციისთვის ქართველი ათლეტი 4 წლის განმავლობაში ემზადებოდა.

ამირ ზარესთან დაპირისპირება ფრთხილად დაიწყო. იყო გაშვებული ქულა, შემდეგ ეფექტური კონტრშეტევა და დაწინაურება. ამას პეტრიაშვილის კიდევ ერთი კარგი შეტევა, ერთმანეთის მიყოლებით აღებული ქულები და გამარჯვების ზეიმი მოჰყვა, რაც, აღმოჩნდა, რომ ჯერ ნაადრევი იყო. მსაჯებმა ბოლო ორი ქულა მოხსნეს და 10-ით ერთზე დრამა ხელახლა დაიწყო. ირანელმა მოჭიდავემ შანსები გამოიყენა და გააქტიურდა. შეხვედრის მიწურულს ანგარიში 10-9 იყო. სწორედ ამ დასკვნით ფაზაში, პეტრიაშვილმა კონტროლის შენარჩუნება შეძლო და საქმე ბოლომდე მიიყვანა. გამარჯვების მოპოვების შემდეგ, ქართველმა მოჭიდავემ, ჟესტით, ამირ ზარეს უთხრა, რომ დივიზიონის მეფე სწორედ ის არის...

რამდენიმე წუთის შემდეგ, გენო პეტრიაშვილმა კვარცხლბეკზე ჩემპიონისთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავა - მიიღო მედალი რის შემდეგაც აღიმართა დროშა და პარიზის ოლიმპიადაზე მეორეჯერ გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი. ეს ამაღელვებელი სანახაობა კიდევ უფრო ემოციური გახადა კვარცხლბეკზე მდგარი კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენის რეაქციამ, რომელმაც ბრინჯაოს მედალი აზერბაიჯანის სახელით მოიპოვა, თუმცა გიორგი მეშვილდიშვილი საქართველოს ჰიმნს გულზე ხელის დადებით შეხვდა.

ჭიდაობის შემდეგ, მორიგი ტრიუმფის ჯერი დადგა, რომელსაც მთელი ქვეყანა განსაკუთრებული თავდაჯერებულობით ელოდა. მესამე ოლიმპიური თამაშები და მესამე ოქროს მედლის მოლოდინი - საქმეში ლაშა ტალახაძე ჩაერთო. ერთადერთი, რამაც მისი ასპარეზობის განმავლობაში გაოცება გამოიწვია ის იყო, რომ ტალახაძემ, ერთ-ერთი ცდის დროს, მოძრაობის დასრულება ვერ შეძლო და შტანგა დააგდო. ეს მის კარიერაში პირველი და ერთადერთი გაფუჭებული ცდა იყო. ამან უახლოეს მდევრებს - სომეხ ძალოსნებს იმედები გაუჩინა, რომ შანსი ჰქონდათ, თუმცა - უშედეგოდ. საბოლოოდ, ტალახაძემ ატაცისა და აკვრის ჯამში საუკეთესო შედეგი აჩვენა და საქართველოს ისტორიაში გახდა პირველი სპორტსმენი, რომელმაც 3 ოლიმპიადის მოგება შეძლო.

პარიზის ოლიმპიური თამაშების პრიზიორები ღირსების ორდენით, ოლიმპიური ჩემპიონები კი, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდებიან - გადაწყვეტილების შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ოფიციალური წარდგინება უახლოეს პერიოდში მოხდება.

პრიზებისა და ჯილდოების გადაცემამდე, ვიდრე სპორტსმენები საქართველოში დაბრუნდებიან, ზეიმი გრძელდება მათ მშობლიურ ქალაქებში. გენო პეტრიაშვილის გაჩემპიონება განსაკუთრებით აღინიშნა გორში, სადაც მის ფინალურ შეხვედრას, ქალაქის თეატრთან არსებულ სკვერში, დიდ ეკრანზე უყურებდნენ.

საჩხერეში, დიდ ეკრანზე მიადევნეს თვალი ლაშა ტალახაძის გამოსვლას ოჯახის წევრებმა და თანაქალაქელებმა. აქ ყველას წარმატების მოლოდინი ჰქონდა და რიგით მესამედ, მის ოლიმპიურ ჩემპიონობას შესაბამისი ხმაურით და სიხარულით შეხვდნენ.

დღის ამბები