ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში მოსახლეობამ აქცია გამართა. აქცია მიზნად სოფლის რწმუნებულის იზა მათითაიშვილის მხარდაჭერას ისახავდა. როგორც სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, ერთ-ერთი მედია საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მათითაიშვილი მოსახლეობას სოციალურად დაუცველის სტატუსისა და ამ ფარგლებში დასაქმების სანაცვლოდ, მათ შრომას პირადი მიზნებისთვის იყენებს და სოციალურად დაუცველებს საკუთარ სახლში ამუშავებს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აღნიშნული ინფორმაცია სრული სიცრუეა, მათი თქმით, რწმუნებულის წინააღმდეგ აგორებული კამპანია შესაძლოა ოპოზიციური პარტიების მიერ იყოს წაქეზებული. ისინი რწმუნებულს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ და მის კვალიფიციურობასა და კეთილსინდისიერებაზე საუბრობენ.
თავად იზა მათითაიშვილი გეგმავს სასამართლოს მიმართოს და საკუთარი საქმიანი რეპუტაცია ამგვარად დაიცვას. სარჩელი მათითაიშვილს აღნიშნული მედია საშუალებისა და სოფლის ორი ოჯახის წინააღმდეგ აქვს მომზადებული, რომლებიც აღნიშნულ რეპორტაჟში, რწმუნებულის თქმით, მას ცილს სწამებდნენ.