05 ოქტომბერი 2024,   11:29
ვრცლად
ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ეროვნულ გამოცდებზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო - ბარბარე ღავთაძე "კურიერს" საკუთარ ოცნებებსა და მიზნებზე ესაუბრა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის საჯარო სკოლის მოსწავლემ ბარბარე ღავთაძემ, ეროვნულ გამოცდებში ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო. ბარბარე აბიტურიენტების იმ მცირე რიცხვს მიეკუთვნება, რომელმაც უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდებში უმაღლესი ქულები მიენიჭა.

17 წლის აბიტურიენტი ამ დღისთვის წლებია ემზადებოდა. ბარბარე "კურიერს" თავის განვლილ გზას უზიარებს - ოცნება, გახდეს იურისტი, სულ რაღაც რამდენიმე კვირაში აუსრულდება. მისი საბოლოო მიზანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვაა. ბარბარეს მსგავსად, ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები კიდევ რამდენიმე აბიტურიენტმა მიიღო - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პირველად სტატისტიკას აქვეყნებს, ხოლო, იმ აბიტურიენტებს, ვინც შედეგებით უკმაყოფილო იქნება, გასაჩივრება ცენტრის ვებგვერდზე შეეძლება.

ბარბარემ გამოქვეყნებული შედეგები ჯერ მარტომ ნახა, შემდეგ კი ეს სიხარული ოჯახს გაუზიარა.

იურისტობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა, დასახული მიზნისკენ სწრაფვა კი აბიტურიენტობამდე გაცილებით ადრე დაიწყო. როგორც თავად გვიყვება, თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად, მსგავს შედეგებს არ ელოდა.

ღავთაძეების ოჯახი, მეორე დღეა, მილოცვებს იღებს. ეროვნულ გამოცდებზე ითხვისის საჯარო სკოლის მოსწავლის საუკეთესო შედეგებმა სოციალური ქსელები მოიცვა. მომავალი იურისტის დედა გვიყვება, რომ ბარბარე მონაცემების ფეისბუქზე გამოქვეყნების წინააღმდეგი იყო.

დედასთან ერთად, აბიტურიენტის მაქსიმალური შედეგები არც ითხვისის მეორე საჯარო სკოლაში გაკვირვებით. ბარბარეს პედაგოგები იხსენებენ, რომ ოქროს მედალოსნის მონდომებამ შედეგი გამოიღო.

ბარბარეს მსგავსად, უმაღლესი ქულები კიდევ რამდენიმე აბიტურიენტმა მიიღო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პირველადი შედეგები, რამდენიმე დღეა, რაც გამოაქვეყნა. ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შეფასება, 60 ქულა მხოლოდ 85 აბიტურიენტს მიენიჭა, უცხო ენებში კი მაქსიმალური - 70 ქულის მიღება 1101-მა აბიტურიენტმა შეძლო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საპრეტენზიო განაცხადების მიღება უკვე დაასრულა. საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, აბიტურიენტებისთვის რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, თუ რომელ უმაღლეს სასწავლებელში მოხვდნენ.

დღის ამბები