22 დეკემბერი 2024,   10:17
ვრცლად
SIGA: საქართველო-რუსეთს შორის გაზრდილი ორმხრივი ვაჭრობა და რუსეთისკენ სატრანზიტო ვაჭრობა გამოწვეულია სავაჭრო ნაკადების პოზიტიური ცვლილებებით - სანქციების გვერდის ავლის ბრალდებები ჩვეულებრივ საეჭვო ნაჩქარევი დასკვნებითაა გამოწვეული

საქართველოსა და რუსეთს შორის გაზრდილი ორმხრივი ვაჭრობა და საქართველოდან რუსეთში სატრანზიტო ვაჭრობა გამოწვეულია სავაჭრო ნაკადების პოზიტიური ცვლილებებით. ამის შესახებ შვეიცარიის გლობალური საქმეთა ინსტიტუტის (SIGA) მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ პუბლიკაციაში ვკითხულობთ, სადაც რუსეთ-საქართველოს ვაჭრობის შესახებ და სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით საქართველოს მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზეა საუბარი.

გამოცემაში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა ინფორმაციის დეტალური შესწავლა ცხადყოფს, რომ სანქციების გვერდის ავლის ბრალდებები ჩვეულებრივ საეჭვო ნაჩქარევი დასკვნებით არის გამოწვეული. მათივე მტკიცებით, სავაჭრო ნაკადებში ცვლილებები შეიძლება აიხსნას უფრო მარტივი და უვნებელი ფაქტორებით.

პუბლიკაციაში წერია, რომ "საქონლის სახეობები, რომლის ექსპორტსაც საქართველო რუსეთში ახორციელებს ცხადყოფს, რომ მისი აბსოლუტური უმრავლესობა უვნებელია. 2022 წლის მარტიდან 2023 წლის თებერვლამდე საქართველო-რუსეთის ვაჭრობის ცვლილებების დეტალურმა შესწავლამ აჩვენა, რომ ექსპორტი თითქმის ექსკლუზიურად საკვები და სასმელი პროდუქციაა. სტატიის ავტორები აქვე დასძენენ, რომ აღნიშნული მონაცემები 2024 წლის მაისის შემდეგაც არ შეცვლილა.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საქონლის ერთადერთი კატეგორია, რომლის ექსპორტსაც საქართველო რუსეთში ახორციელებდა და რომელიც თეორიულად შეიძლება შემაშფოთებელი იყოს, არის ფეროშენადნობები. თუმცა, როგორც შესაბამისი კვლევა და 2023 წლის სრული და 2024 წლის პირველი ხუთი თვის ვაჭრობის მონაცემების მიმოხილვა აჩვენებს, საქართველოდან რუსეთში ფეროშენადნობების ექსპორტი მკვეთრად შემცირდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რაც ეწინააღმდეგება სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებულ მოსაზრებას.

გავლენიანი გამოცემა საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების არდაწესებასთან დაკავშირებითაც წერს, სადაც ნათქვამია, რომ სანქციების დაწესების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკა მეტად დაზარალდებოდა ვიდრე რუსეთის.

გამოცემა წერს, რომ იყო შემთხვევები, როდესაც გაჩნდა შეშფოთება, იმის თაობაზე, რომ საქართველოში კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს შეეძლოთ სანქცირებული დასავლური საქონლის შემოტანა და შემდეგ მათი რეექსპორტი რუსეთში, რითაც თავიდან აირიდებდნენ სანქციებს. თუმცა, ასეთ შემთხვევებშიც კი, მონაცემთა ანალიზით ამის რაიმე მტკიცებულება არ გამოვლენილა.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ როგორც საქართველოს მსხვილ ბიზნეს ასოციაციებში ამბობენ რუსეთში ქართული ექსპორტის დაფიქსირებული ზრდა თავისთავად არ შეიძლება ჩაითვალოს სანქციების გვერდის ავლად. მათივე განმარტებით ქართული ექსპორტი არა მხოლოდ რუსეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც გაიზარდა.

„ეს ასევე ნაწილობრივ იმ ექსპორტის სტიმულირების პროგრამების შედეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაიწყო დაახლოებით 5 წლის წინ, მაგრამ შედეგი სულ ახლახან გამოიღო“, - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.

გავლენიანი შვეიცარიული გამოცემის სტატიის მიხედვით კიდევ ერთი გამოთქმული პრეტენზიაა , რომ სხვა ქვეყნების ფიზიკური პირები და კომპანიები სანქცირებულ საქონელს საქართველოს გავლით რუსეთში აგზავნიან, თუმცა პუბლიკაციის ავტორები იქვე დასძენენ, რომ ასეთი მტკიცებები ერთი შეხედვით მხოლოდ საეჭვო ზოგად ვარაუდებზეა დაფუძნებული.

პუბლიკაციის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მესამე ქვეყნებიდან რუსეთში საქართველოს გავლით საქონლის ტრანზიტი მნიშვნელოვნად გაიზარდა (დაახლოებით 50%-ით 2022 წელს 2021 წელთან შედარებით და თითქმის 20%-ით 2023 წელს 2022 წელთან შედარებით), სხვადასხვა ქართული წყარო SIGA-ს უდასტურებს, რომ ქართული საბაჟო ზედმიწევნით ამოწმებს ყველა ტრანზიტულ საქონელს, რათა დარწმუნდეს, რომ ვაჭრობა არ გამოიყენება სანქციების გვერდის ავლისთვის.

პუბლიკაციის მიხედვით, ამას ადასტურებენ არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები და შესაბამისი მონაცემები, არამედ საქართველოს საერთაშორისო საგზაო გადამზიდავების ასოციაციის (GIRCA) და სხვა ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლების განცხადებებიც. ყველა ამ წყაროს კონტროლის მაგალითად მოჰყავს შემთხვევები, როდესაც ქართულმა საბაჟომ უარი თქვა საქონლის ტრანზიტზე საქართველოს გავლით და უკან გააბრუნეს ისინი.

შვეიცარიის გლობალური საქმეთა ინსტიტუტი (SIGA) ატარებს, მხარს უჭერს და ხელს უწყობს ინტერდისციპლინურ კვლევებს გეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე.
ამ მიზნით, ინსტიტუტი აწყობს ღონისძიებებს, ლექციებს, სასწავლო კურსებს და აწარმოებს საკუთარ პუბლიკაციებს, ვიდეოებსა და რუკებს.

დღის ამბები