სუმის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა, ორის მდგომარეობა მძიმეა. იერიში რაკეტით განხორციელდა. განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
პარალელურად, კურსკის ოლქში უკრაინის ოპერაცია გრძელდება. უკრაინის არმიამ სამხედრო მოქმედებების ზონა გააფართოვა. რუსეთის არმიას ოკუპირებული ყირიმიდან ჯარი გაჰყავს და კურსკის მიმართულებაზე გადაჰყავს. აფეთქებები იყო ვორონეჟის ოლქში. რუსეთის ხელისუფლების ცნობით, რეგიონში ობიექტებზე დეტონაცია მოხდა. სარაკეტო იერიშის შედეგად, ბელგოროდის ოლქში ხუთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაჭრილებიც.
"ძალიან პოზიტიურად ვუყურებ იმ საკითხს, რომ კურსკის მიმართულებით ოპერაცია მიმდინარეობს. რთული ოპერაციაა, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გეგმის მიხედვით მიმდინარეობდეს. მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს, ზოგიერთი მიღწევის შესახებ ინფორმაციას ვერ გაგიზიარებთ. გვყავს სამხედრო ტყვეები რომელთა გაცვლასაც ვაპირებთ. მათი რაოდენობა იზრდება და ეს კარგი სიახლეა. ასევე, ჩრდილოეთის მიმართულებით რუსეთის თავდასხმის შეჩერება. მივიტანეთ წინმსწრები დარტყმა - ჩვენმა ოპერაციამ ეს ამოცანა შეასრულა. თავიდან ავიცილეთ სუმის ოლქის ალყაში მოქცევა და ქალაქი სუმი დავიცავით. ვფიქრობ, ოპერაციის ყველა მიზანს მივაღწევთ. ომის დასრულება მხოლოდ იმ პირობით იქნება შესაძლებელი, რომ უკრაინის სრული დეოკუპაცია მოხდება და რუსეთის და პუტინის ახალი აგრესია შეუძლებელი გახდება," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.