შაორის ბანაკი წელს სტუდენტების ბოლო ნაკადს მასპინძლობს. მარიამ ჭანკოტაძე ერთ-ერთია იმ 800 ახალგაზრდას შორის, რომელიც საბანაკე პროგრამაში მოხვდა. ამბობს, რომ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მისთვის მნიშვნელოვანია. ბანაკის დღის წესრიგი დატვირთული და მრავალფეროვანია. საგანმანათლებლო პროგრამების გარდა, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში მიეღოთ მონაწილეობა.
დღეს, პრემიერ-მინისტრი რაჭაში შაორის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს პირადად შეხვდა. ირაკლი კობახიძემ ახალგაზრდებს განათლების სისტემისა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხედვა გააცნო. მან ყურადღება საუნივერსიტეტო განათლებასა და მთავრობის მიერ განხორციელებულ პროგრამებზეც გაამახვილა.
შაორის ბანაკმა წელს ახალგაზრდების 8 ნაკადი მიიღო. მონაწილეთა შერჩევა ღია კონკურსით მოხდა. საბანაკე პროგრამა 5 დღიანია და მთავარი მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, ეროვნული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრება და პატრიოტული ღირებულებების წახალისებაა.
შაორის ახალგაზრდულ ბანაკში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საუბრის მთავარი თემა ის სამომავლო გეგმები და ნაბიჯებია, რომელიც განათლების სისტემაშია დაგეგმილი.
ახალგაზრდულმა ბანაკებმა, ქვეყნის მასშტაბით, 4500 ახალგაზრდას უკვე უმასპინძლა. პროექტის ღირებულება, რომელიც განათლების სამინისტროს მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით დაიგეგმება, 4 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. შაორის ბანაკი აერთიანებდა როგორც სხვადასხვა რეგიონიდან ჩასულ ახალგაზრდებს, ასევე დიასპორის წარმომადგენლებს.