ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში მელინე არაკელიანი რუსთავს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. ნიდერლანდელ დიპლომატს,
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე რუსთავის მუნიციპალური სერვისების ცენტრში შეხვდა და რუსთავში მიმდინარე რეფორმები და პროექტები გააცნო.
მოგვიანებით, ნიდერლანდების ელჩმა, რუსთავში მიმდინარე მუნიციპალური სერვისების რეფორმების კიდევ ერთი შედეგი- რუსთავის მედიათეკაც დაათვალიერა.
როგორც ელჩმა მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, ქალაქ რუსთავში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება.
"ვიზიტით რუსთავში პირველად ვარ. მიხარია, რომ მოვინახულე და გავიცანი საქართველოში სიდიდით მესამე და მნიშვნელოვანი ქალაქი. მქონდა შეხვედრა რუსთავის მერთან, გავიგე, თუ როგორ შთამბეჭდავად განვითარდა რუსთავი ბოლო წლებში, როგორ მუშაობენ მდგრად განვითარებაზე, ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაზე და უკეთესი ქალაქის შექმნაზე", - განაცხადა მელინე არაკელიანმა.