22 დეკემბერი 2024,   09:59
ვრცლად
სულ რომ მონაწილეობდეს კეზერაშვილი ქოლცენტრების საქმეში, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მან ქოლცენტრების "შავი ფული" დარიცხოს თავისი ოჯახის წევრზე - ანა წითლიძე

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ოპოზიციაში შეფასებები გრძელდება - "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მმართველი პარტია ცდილობს, ოპონენტების წინააღმდეგ "შავი პიარი" გამოიყენოს.

"სულ რომ მონაწილეობდეს დავით კეზერაშვილი ქოლცენტრების საქმეში, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მან ქოლცენტრების "შავი ფული" დარიცხოს თავისი ოჯახის წევრზე?! წარმოგიდგენიათ და გჯერათ ამისი?! თუნდაც ეს ფაქტი ძალიან ნათლად მიუთითებს იმას, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და როდესაც "ქართულ ოცნებას" არაფერი სხვა სათქმელი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ აქვს, ცდილობს ასეთი შავი პიარით გაუსწორდეს პოლიტიკურ ოპონენტებს," - აღნიშნა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ.

საკითხთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება გიორგი გახარიას გუნდშიც.

"კეზერაშვილის გვარი ამ პროცესში პირველად ხომ არ დაფიქსირებულა?! ეს არის საერთაშორისო გამოძიების პროცესი, სადაც არაერთხელ იქნა ნახსენები და, რა თქმა უნდა, იმ საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ჩვენ გვაქვს ნდობა და ბუნებრივია, ამ მოცემულობებს გარკვეულწილად ვიზიარებთ, მაგრამ აქ მთავარი მომენტი არის - რატომ არ დასრულდა 2020 წელს დაწყებული გამოძიება, დღემდე რატომ ხდება საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი სქემების ფუნქციონირება?! სად არის კეზერაშვილის კონკრეტული სამართლებრივი შედეგები?!" - აღნიშნა "საქართველოსთვის წევრმა ბექა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით, საქართველოს პროკურატურამ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. ირკვევა, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისგან, ძირითადად კი პენსიონერებისგან მოტყუებით მიღებული თანხები დავით კეზერაშვილისა და მისი ოჯახის საბანკო ანგარიშებზე ირიცხებოდა. დაკავებულთა შორის თავდაცვის ყოფილი მინისტრის ახლო ნათესავი თემურ ჯანაშვილია. გამოძიების ვერსიით ჯანაშვილი პირადად ხელმძღვანელობდა თბილისში მოქმედ მსხვილ ქოლცენტრს, მიღებულ თანხებს კი კეზერაშვილს ურიცხავდა.

 

დღის ამბები