22 დეკემბერი 2024,   10:02
ვრცლად
კიდევ ერთხელ ვნახეთ ღია და პირდაპირი ჩარევა ქვეყნის საშინაო საქმეებში, არასამართლიანია განცხადება, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არ შეხვდნენ - გივი მიქანაძე ბუნდესტაგის წევრების ვიზიტზე

საქართველოში გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციების სპიკერების ვიზიტს ეხმაურებიან საპარლამენტო უმრავლესობაში. გივი მიქანაძის შეფასებით, "კიდევ ერთხელ ვნახეთ ღია და პირდაპირი ჩარევა ქვეყნის საშინაო საქმეებში." მისი თქმით, სტუმრების განცხადება, თითქოს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არ შეხვდნენ, არასამართლიანია, რადგან მათ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე შეხვდა და ღია საუბარი ჰქონდა.

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ ღია და პირდაპირი ჩარევა ქვეყნის საშინაო საქმეებში, მით უმეტეს, როდესაც ოფიციალურად წინასაარჩევნო კამპანია დაწყებულია. ამ პერიოდში კონკრეტული ადამიანები ჩამოდიან, პრეტენზიებს გამოთქვამენ შეხვედრებზე. აბსოლუტურად არასამართლიანია განცხადება, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მათ არ შეხვდნენ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც ამავდროულად არის "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი, მათ შეხვდა და ჰქონდა ღია, გახსნილი საუბარი. პირდაპირ იყო საუბარი იმის თაობაზე, რომ მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები და ორმაგი სტანდარტების კრიტიკა, არის აბსურდული, უსაფუძვლო, არასამართლიანი მიდგომა და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ წისქვილზე ასხამს წყალს, რომელსაც რადიკალური ფრთა წარმოადგენს," - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პროტოკოლის წესებზეც საუბრობენ.

"ყველანაირ შეხვედრას აქვს თავისი პროტოკოლი და არა უცხოელი თანამდებობის პირები კარნახობენ ქართველ პოლიტიკოსებს თუ ვის უნდა შეხვდნენ, როგორ და როდის უნდა შეხვდნენ, არამედ ჩვენ თვითონ, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები თავად იღებენ ამ გადაწყვეტილებას. განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, რომ ეს ადამიანები იქნებიან გერმანელები თუ სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური თანამდებობის პირები, პირდაპირი მნიშვნელობით, თავიანთი განცხადებებით ერევიან წინასაარჩევნო კამპანიაში, რაც კატეგორიულად მიუღებელია," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დღის ამბები