22 დეკემბერი 2024,   09:14
ვრცლად
მოვუწოდებთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, საარჩევნო ადმინისტრატორის საქმიანობა შეაფასონ მათი საქმიანობის მიხედვით და არა პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი განცხადებებით - გიორგი შარაბიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ კომისიის წევრები არა პროფესიული, არამედ პარტიული ნიშნით ირჩევა, ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოეხმაურა. კომისიაში აცხადებენ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ აქვს.

"ამ განცხადებებმა დაადასტურა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია აღმოჩნდა მართალი, მეტიც - ჩვენ ახლა ვნახავთ ე.წ. კვლევებს, სადაც აღმოჩნდება, რომ ადამიანები არიან დასაქმებულები, არიან პედაგოგები, არიან ვიღაცის ნათესავები, თითქოს ეს კანონდარღვევა ან რაიმე დანაშაული იყოს. მოვუწოდებთ ყველა ობიექტურ სადამკვირვებლო ორგანიზაციას - ნებისმიერი დონის საარჩევნო ადმინისტრატორის საქმიანობა შეაფასოს მათი საქმიანობის და ნეიტრალიტეტის მიხედვით და არა პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი წინასწარი განცხადებების მიხედვით. მითუმეტეს, როდესაც ჯერ არ დაწყებულ საქმიანობაზე ჩვენ ვხედავთ სტიგმატიზაციისა და ბულინგის მცდელობას," - აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის, დიმიტრი ჯავახაძის განცხადებით, კონკურსის პირობები გარკვეულ საკანონმდებლო ფილტრს მოიცავს, რის გამოც, შეუძლებელია, რომ კომისიის წევრები პარტიული ნიშნით შეირჩნენ.

"კონკურსის პირობები გარკვეულ საკანონმდებლო ფილტრს მოიცავს და შეუძლებელია, რომ პარტიული ნიშნით მოხვდეს კომისიის წევრები - ისინი შეირჩევიან პროფესიული და გამოცდილების ნიშნით. შეიძლება, პოლიტიკური სუბიექტების ინტერესში იყოს, რომ ამ ადამიანებზე გარკვეული ზეწოლა ჰქონდეთ," - აცხადებს დიმიტრი ჯავახაძე. 

ავტორი: მარიამ ურუშაძე

დღის ამბები