14 ოქტომბერი 2024,   02:41
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, სამცხე-ჯავახეთი ამ არჩევნებზე თავის სიტყვას იტყვის, რომ უფრო ახლოს მივიდეთ იმ სანუკვარი ოცნების ასრულებასთან, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ჰქვია - კახა კალაძე

დარწმუნებული ვარ, სამცხე-ჯავახეთი ამ არჩევნებზე თავის სიტყვას იტყვის, რომ უფრო ახლოს მივიდეთ იმ სანუკვარი ოცნების ასრულებასთან, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ჰქვია, - ამის შესახებ თბილისი მერმა კახა კალაძემ ახალციხეში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, სწორი მოქმედებით, ყველა საფრთხისა და შესაძლებლობის ზუსტი შეფასებით, საქართველოს გამთლიანების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

"სამცხე-ჯავახეთი იმ დიდი მესხეთის განუყოფელი ნაწილია, სადაც თანამედროვე კულტურის აკვანი დაირწა. ამ კულტურაზე დაფუძნებით სწორედ ამ მხარიდან დაიწყო საქართველოს გაერთიანება და შუა საუკუნეების ერთ-ერთ ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. მე დარწმუნებული ვარ, დღესაც თითოეული აქ მყოფი ადამიანის, თითოეული ჩვენი მოქალაქის მთავარი ოცნება სწორედ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაა. ამიტომ ჩვენ გვმართებს მოთმინება, დიდი სიბრძნე ჩვენი წინაპრების გამოცდილების სწორად გააზრებ, რომ საჭირო დროს სწორად ვიმოქმედოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანად გაერთიანებისთვის.

ამ მხარემ ზუსტად იცის, რა ძალა აქვს საქართველოს ერთობას და დარწმუნებული ვარ სამცხე-ჯავახეთი ამ არჩევნებზე თავის სიტყვას იტყვის, რომ უფრო ახლოს მივიდეთ იმ სანუკვარი ოცნების ასრულებასთან, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ჰქვია.

დიახ, ჩემო მეგობრებო, დღეს დგას ის დრო, როდესაც თუ სწორად ვიმოქმედებთ, თუ ყველა საფრთხეს და შესაძლებლობას ზუსტად შევაფასებთ, თუ არ ავყვებით ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან წამოსულ პროვოკაციებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის არევისა და დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული, ჩვენი ქვეყნის გამთლიანების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამიტომ დღეს არავის გვაქვს უფლება, არ გავიზიაროთ ისტორიული გაკვეთილები, არავის გვაქვს უფლება, ავყვეთ ემოციებს. ჩვენ უბრალოდ მომავალი თაობები არ გვაპატიებენ შეცდომას. თუ გადავხედავთ წარსულს, ვნახავთ, რამდენი შეცდომა გვაქვს დაშვებული, რომელიც, რა თქმა უნდა, მძიმეა.

დღეს მოქმედების დროა და ეს მოქმედება, პირველ რიგში, არჩევნებზე ჩვენი გააზრებული არჩევანით უნდა გამოვხატოთ. რა არის ქართველი კაცის, ქართველი ადამიანის ქართული ოცნება? მე დარწმუნებული ვარ, ყველა ის ადამიანი, ვისაც უყვარს საკუთარი სამშობლო, საკუთარი ხალხი და ქვეყანა, ყველას გულში ოცნება აქვს, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და სიმშვიდე, მოვახდინოთ ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანება, ეკონომიკური განვითარება და, რა თქმა უნდა, ყველა ღირსეული ქართველის ქართულ ოცნებას გაუმარჯოს!", - განაცხადა კახა კალაძემ. 

დღის ამბები