22 დეკემბერი 2024,   10:28
ვრცლად
რა მნიშვნელობა აქვს რას მოაწერენ ხელს, კაპიკია მათი შეთანხმების ფასი, ვერ მოატყუებენ საზოგადოებას - არჩილ გორდულაძე კოალიცია "ცვლილებებისთვის" ინიციატივაზე

კოალიცია "ცვლილებებისთვის" გამოდის ინიციატივით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ხელმოწერით დაადასტუროს, რომ არჩევნების შემდეგ, მთავრობის ფორმირების პროცესში,  "ქართულ ოცნებასთან "არ ითანამშრომლებს.

ინიციატივა არასერიოზულია "ქართული ოცნებისთვის" - უმრავლესობა ამბობს, რომ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც შეთანხმებულად მოქმედებენ, ქართველი ხალხის მოტყუება არ გამოუვათ.

"შეგვძრა და შეგვზარა ამ განცხადებამ და შიშით ვკრთით მათი ერთობის წინაშე, რა თქმა უნდა, ეს ხუმრობით, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს რას მოაწერენ ხელს ან რა ფურცლებს დახევენ. არაერთი ასეთი შეთანხმება გვინახავს, რომელსაც ხან რა მიზნით აწერდნენ ხოლმე ხელს და ხან რა მიზნით, დაფაზეც კი იყო ხოლმე. კაპიკია მათი, მათი განცხადებების, მათი შეთანხმების ფასი და რასაც უნდა მოაწერონ ხელი და რაც უნდა წაშალონ მერე. მთავარი ერთია, რომ ვერ მოატყუებენ საზოგადოებას რაც არ უნდა მცდელობა ჰქონდეთ.

როგორ შეიძლება ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ გამორიცხონ "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობა, ერთნი არიან. რომელი გუნდის წევრიც ხარ, იმასთან, რა თქმა უნდა, თანამშრომლობ, წევრები არიან. შეხმატკბილებულად შეთანხმებულად არიან წარმოდგენილნი, აკეთებენ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებს, მათ შორის, ერთნაირად ფინანსდებიან "მისტერ ოფშორთან", დავით კეზერაშვილთან და იმისი ფულებით ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებები განახორციელონ", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრები "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები არიან და მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არასერიოზულად მიიჩნევს.

"ბატონი მელია გახლდათ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ბატონი გვარამია გახლდათ "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს გენერალური პროკურორი, ქალბატონი ხოშტარია ბრძანდებოდა ყველა ფლანგზე, რაც კი "ნაციონალური მოძრაობის" ფლანგი ყოფილა და ფინანსდება იგიც და მთელი ოჯახიც წლების განმავლობაში უკვე რუსეთიდან; ბატონი "გირჩი“ ჯაფარიძე კიდევ სხვა თემაა და მის ამორალურ და არაპატრიოტულ განცხადებებზე კომენტარებს არ გავაკეთებ. შესაბამისად, ამ ჯგუფის მიერ გაკეთებულ რაიმე განცხადებაზე ჩვენი მხრიდან კომენტარის გაკეთება ცოტა არასერიოზული იქნება,“ - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები