12 ოქტომბერი 2024,   00:50
ვრცლად
"დაშინების მეთოდებმა არ გაჭრა... ახლა, ხელისუფლება ცდილობს, მოსყიდვით სცადოს სამოქალაქო ორგანიზაციების კონტროლი" - NGO-ები მთავრობის ინიციატივას აფასებენ

არასამთავრობო სექტორმა შეაფასა მთავრობის ახალი ინიციატივა ფონდის შექმნის შესახებ, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსდება და გრანტებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გასცემს.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, გურამ იმნაძე მიიჩნევს, რომ ეს სამოქალაქო საზოგადოების მოსყიდვის მცდელობაა.

"ხანგრძლივი დაშინების, დაშანტაჟების, თავდასხმების მეთოდებმა არ გვაჭრა სამოქალაქო საზოგადოებაზე და ახლა უკვე ხელისუფლება ცდილობს, ამგვარი გზით - მოსყიდვით სცადოს სამოქალაქო ორგანიზაციებზე კონტროლის, გავლენის მოპოვება. მას სჭირდება მოჩვენებითი, ფასადური ცვლილებები, მათ შორის, ფასადური ილუზიის შექმნა, რომ ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები რომელიც, სინამდვილეში, მასზე იქნება დამოკიდებული," - აცხადებს გურამ იმნაძე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე კი მიიჩნევს, რომ ამ ინიციატივის ქვეტექსტი მოიაზრებს იმას, თითქოს, უცხოური დონორებიდან მიღებული თანხები სახელმწიფო საქმეებს არ ხმარდება.

"იმის ჩვენება უნდა ხელისუფლებას, რომ თითქოს, საერთაშორისო ფონდებიდან, სხვა ქვეყნის დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული თანხით არ კეთდება სახელმწიფო საქმე. ეს არის არსი ამ დაფინანსების. სინამდვილეში, ჩვენი საქმიანობა, მთელი 30-წლიანი ისტორია, რომელიც, მათ შორის, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" აქვს, უკავშირდება ადამიანის უფლებების დაცვასა და ჩვენი საზოგადოების ინტერესების გატარებას," - აცხადებს ნონა ქურდოვანიძე.

ამავე თემაზე: ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება - ირაკლი კობახიძე

დღის ამბები