17 სექტემბერი 2024,   12:19
ვრცლად
"ისტორიის დაწერა გვინდა მეორედ" - 22:00 საათზე საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, სტუმრად, ნიდერლანდებს დაუპირისპირდება

დღეს, საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები სტუმრად ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. მატჩი ქალაქ ვენლოში გაიმართება და თბილისის დროით, 22:00 საათზე დაიწყება.

რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი, ექვსი ტურის შემდეგ მოპოვებული 16 ქულით, ჯგუფში მეორე ადგილზეა; ჯგუფის ლიდერი კი, 24 ქულით, ნიდერლანდების ნაკრებია.

"ისტორიის დაწერა გვინდა მეორედ, ამჯერად უკვე კვალიფიკაციით და დიდი შანსი გვაქვს, რომ მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე. დარჩენილი გვაქვს 3 ფინალი და უნდა გავაკეთოთ მაქსიმალურად ყველაფერი," - აცხადებს ლუკა გაგნიძე, საქართველოს 21 წლამდე ნაკრების ფეხბურთელი.

საქართველოს 21 წლამდე ნაკრების მწვრთნელის, რამაზ გაგნიძის თქმით, მოწინააღმდეგე გუნდი ძალიან ძლიერი, თუმცა საქართველოს 21 წლამდე ნაკრები მაქსიმალურად ეცდება, ყველა შანსი ბოლომდე გამოიყენოს.

"ურთულეს თამაშს ველოდებით. ვიცით ძალიან კარგად, თუ ვისთან გვაქვს თამაში - რა დონის ფეხბურთელები თამაშობენ, რა დონის გამოცდილება უმაგრებთ გუნდს, ამასთან, სახლში თამაშობენ, ძლიერი გუნდია ძალიან, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმები და ვეცდებით, რომ ის შანსი, რაც მოგვეცემა, მაქსიმალურად გამოვიყენოთ," - აცხადებს რამაზ სვანაძე

2025 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე, საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპიდან, ცხრა ჯგუფის გამარჯვებული და სამი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოხვდება, ხოლო დარჩენილი ექვსი მეორეადგილოსანი დაწყვილდება და ორმატჩიან "პლეი ოფში" ბოლო სამ საგზურს გადაინაწილებს.

ავტორი: ლაშა დვალიშვილი

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

დღის ამბები