21 დეკემბერი 2024,   18:55
ვრცლად
14 დაკავებული, მათგან 10 ნარკორეალიზატორი - შინაგან საქმეთა სამინისტრომ მორიგი მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა

ნარკოდანაშაულის საქმის მთავარი მტკიცებულებები საკონტროლო შესყიდვის კადრებია. მასალა სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინებით გადაიღეს და 14 პირი დააკავეს, მათგან 10 - რეალიზაციისთვის.

ავტოსერვისები და ხალხმრავალი ქუჩები - ფარულად გადაღებული კადრებით ირკვევა, რომ კონკრეტული პირები ნარკოტიკს სწორედ ამ ადგილებში ასაღებდნენ. მასალაში ჩანს, რომ რეალიზატორები ჯერ თანხას იღებდნენ, შემდეგ კი, უცველი მეთოდებით, ე.წ. დადებით ან ხელიდან ხელში გადაცემით ყიდდნენ.

შინაგანს საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული მასალიდან ირკვევა, რომ დაკავებულები განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკს ყიდდნენ.

ჰეროინი, მეტამფეტამინი, ამფეტამინი, მეტადონი, ბუპრენორფინი, "ალფა პვპ", ტეტრაჰიდროკანაბინოლი და მარიხუანა - ამ დასახელების ნარკოტიკები პოლიციამ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკისას ამოიღო. ნივთმტკიცებად არის ამოღებული, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, წებოვანი ლენტები და ელექტროსასწორები.

ნარკოდანაშაულის საქმეზე, სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში ჩაატარეს, მათ შორის - თბილისშიც. ზემო ფონიჭალის ახალ დასახლებაში 14 ბრალდებულიდან ერთ-ერთი გია ბერუაშვილის ქუჩაზე დააკავეს. "კურიერის" ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი საკონტროლო შესყიდვის კადრებშიც ჩანს და ის კონკრეტული დასახელების ნარკოტიკულ საშუალებას ყიდდა. ოჯახი ნარკოდანაშაულის საქმეზე არაფერს ამბობს.

თოთხმეტივე დაკავებულს, წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით, სხვადასხვა პოზიცია აქვს, ნაწილი აღიარებს დანაშაულს, ნაწილი კი დუმილის უფლებას იყენებს. "კურიერი" ერთ-ერთი ბრალდებულის - ილია მიხაილიჩენკოს ადვოკატს ესაუბრა. ინტერესების დამცველის თქმით, 45 წლის კაცი ნარკოტიკის შეძენა-შენახვა-რეალიზაციისთვის დააკავეს, თუმცა ის ბრალს მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებს.

დაკავებულები ახლა წინასწარ პატიმრობაში რჩებიან და სასამართლო განხილვების მოლოდინში არიან. წარდგენილი ბრალი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ნარკოდანაშაულის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დღის ამბები