14 ოქტომბერი 2024,   18:23
ვრცლად
"თავს არ დავზოგავთ და მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ ჩვენმა ხმამ გადაფაროს 20 000 ალბანელის ხმა" - ქართველი გულშემატკივრები "ჯვაროსნების" მხარდასაჭერად მზად არიან

ტირანაში გასამართი მატჩის დაწყებამდე ერთ საათზე ნაკლები რჩება - საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთს დაუპირისპირდება. ერთა ლიგის პირველი ტურის შემდეგ, ჯგუფის ლიდერთა შეხვედრა, თბილისის დროით, 22:45 წუთზე დაიწყება.

ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება 2 წლის წინ გაიმართა და მაშინ, ამხანაგური მატჩი, ფრედ 0-0 დასრულდა.

აქამდე, საქართველოსა და ალბანეთს ერთმანეთში სულ 15 მატჩი აქვთ გამართული. აქედან 8-ში ჩვენ მოვიგეთ, 4 ფრედ დავასრულეთ და სამში დავმარცხდით.

დღევანდელ შეხვედრას, საქართველოს მხრიდან, 100-ზე მეტი ქომაგი დაესწრება. ისინი, თამაშ დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, სტადიონთან შეიკრიბნენ, სადაც ბოლო სამზადისს გადიან, თუ როგორ უნდა უგულშემატკივრონ ქართველ ფეხბურთელებს.

"ამაღლებული განწყობა გვაქვს, რა თქმა უნდა, გამარჯვებისთვის ჩამოვედით აქ, სპეციალურად ამ მატჩისთვის ჩამოვფრინდით ალბანეთში, რომ ჩვენმა ბიჭებმა მარტო არ იგრძნონ თავი, მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად თამაშობენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რიცხობრივად ნაკლები ვიქნებით, მაინც შევძლებთ იმას, რომ ჩვენს ფეხბურთელებს გავაგონოთ ჩვენი ხმა და კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მივცეთ მათ", - ამბობს ერთ-ერთი გულშემატკივარი

"არ გვეშინია არაფრის, მაქსიმალურს შევეცდებით დღეს. არ დავზოგავთ თავს და მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ ჩვენი - 30 კაცის ხმამ გადაფაროს იმათი 20 000 ადამიანის ხმა", - ამბობს გულშემატკივარი.

ქომაგებს შორის დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით, ალბანურმა პოლიციამ სპეციალური ზომები მიიღო, რათა ქართველი და ალბანელი გულშემატკივრები ერთმანეთთან არ გადაკვეთილიყვნენ. ქართველი გულშემატკივრები, სადაც იკრიბებოდნენ, მათ ათობით პოლიცია იცავდა, შემდეგ კი ქომაგების სტადიონამდე ბადრაგირება მოხდა.

 

დღის ამბები