22 დეკემბერი 2024,   09:05
ვრცლად
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში ისევ ჩამოდის - მიხაილ როთის ვიზიტს მმართველ გუნდში გამოხმაურება მოჰყვა

”მაშველი რგოლი ოპოზიციისთვის” - ასე ხედავს მმართველი გუნდი წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში ყველა იმ უცხოელი პოლიტიკოსის ვიზიტს, რომლებიც ოპონენტების ღია მხარდამჭერები არიან. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, სწორედ ასეთ პოლიტიკოსთა შორისაა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეც. მიხაილ როთის ვიზიტი ჯერ მხოლოდ დაანონსებულია, თუმცა წინასწარ ცნობილია, რომ მისი დამოკიდებულებების გამო, სახელისუფლებო პარტია გერმანელ დეპუტატთან შეხვედრას არ გეგმავს. ”ქართული ოცნებაში” მიხაილ როთს დღეს ოპოზიციის მხარდასაჭერად აქციებზე სიტყვით გამოსვლებიც შეახსენეს და თქვეს, რომ ის ახლაც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ცდილობს.

მხარდაჭერას და საპროტესტო აქციებზე პოზიციის ღიად დაფიქსირებას, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად არ აღიქვამს ოპოზიციის ნაწილი. ზოგიერთ პოლიტიკურ ძალაში კი მიაჩნიათ, რომ როთის განცხადებები სასარგებლო არც ოპოზიციისთვის ყოფილა.

ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის დამოკიდებულება, საპარლამენტო უმრავლესობისთვის დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევაა. მმართველ პარტიაში მიხაილ როთისგან ბოდიშის მოხდას ელოდებიან და მასთან შეხვედრას მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავენ.

გერმანელი პოლიტიკოსის დაანონსებულ ვიზიტთან დაკავშირებით, მედიამ კითხვა დღეს პრემიერ-მინისტრსაც დაუსვა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში მიხაილ როთის რეპუტაცია შელახულია და მისი ჩამოსვლა ოპოზიციისთვის უშედეგო იქნება.

მიხეილ როთი საქართველოში ჩამოსვლას 16 სექტემბერს გეგმავს და 2 დღის განმავლობაში დარჩება. 18 სექტემბერს კი ის თბილისიდან ერევანში გაემგზავრება.

დღის ამბები