14 ოქტომბერი 2024,   02:50
ვრცლად
ჩვენ შევძელით დამოუკიდებლობა ყველასგან, გავძლიერდით - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, დღეს საქართველო გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს და ამაში მას ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე და მმართველი გუნდის ერთიანობა ეხმარება. მისივე თქმით, ადრე ქვეყანას სხვა ქვეყნებისთვის ანგარიშის გაწევა უწევდა, ხოლო დღეს - მხოლოდ პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში.

"თქვენ წარმოგედგინათ 10 წლის წინ, სხვადასხვას დასავლური ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები გამოვიდოდნენ და იტყოდნენ, რომ არ მიიღოთ ეს კანონიო და საქართველო მაინც გაბედავდა ამის გაკეთებას?! ეს იცით რისი ინდიკატორია? ჩვენ შევძელით დამოუკიდებლობა ყველასგან და დამოუკიდებლობა ყველასგან მათთვის რუსული საქმეა.

დამოუკიდებლობა რუსეთისგან, სხვა მეგობარი ქვეყნებისგან, შესაძლებელია. დღეს უკვე ეს ქვეყანა უკვე დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებს. ჩვენ ყოველთვის ვუწევდით ანგარიშს სხვადასხვა ქვეყნებს, სხვადასხვა ძალებს. მაგალითად, 2017 წელს ნინო ლომჯარია რატომ ავირჩიეთ სახალხო დამცველად, ვერ ვუხსნით საკუთარ თანაგუნდელებს. არ გვქონდა იმისი ძალა, რომ შევწინააღმდეგებოდით და დღეს, ამის ძალა გვაქვს.

მაგალითად, 2017 წელს (შემდეგ გასული ადამიანები ბევრი გახსოვთ, რომლებიც დღეს "ნაციონალური მოძრაობის" გვერდით იბრძვიან) გაიხსენეთ, რამდენი ადამიანი გვყავდა გუნდის შიგნით, რომლებიც იქვე აგიყირავებდნენ სიტუაციას. ქვეყანაც არ იყო მოწოდების სიმაღლეზე, არ იყო ეკონომიკურადაც ასე ძლიერი. რა თქმა უნდა, ჩვენ მთავარი გაძლიერება წინ გველოდება, მაგრამ ეკონომიკაც არ იყო ასეთი ძლიერი, გუნდის შიგნითაც არ იყო ასეთი სიძლიერე, გუნდის ერთობაც არ იყო - ბევრი ფაქტორი არ იყო ისე კარგად ჩამოყალიბებული და შეკრული, რაც უზრუნველყოფდა იმას, რომ ჩვენ ხელი დაგვერტყა მაგიდაზე და გვეთქვა - ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლების მიერ. ~

ბევრ რამეში ვუწევდით ანგარიშს და დღესაც ვუწევთ რაღაცებში, ოღონდ დღეს ვუწევთ პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში, ჩვენ არ გადავდივართ წითელ ხაზებს, ბევრ რამეს არ ვლაპარაკობთ და ამას ვუფრთხილდებით. ღმერთმა არ ქნას, რომ ამისი გაფრთხილება იყოს მეორეხარისხოვანი და სასწორზე დადგეს გადარჩენა არ გადარჩენის საკითხი იმგვარად, რომ ჩვენ წითელი ხაზებთან მიახლოება ან გადალახვა მოგვიწიოს,"- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები