სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტი, მანანა ჯებაშვილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს. მისი მტკიცებით, მას შემდეგ, რაც სააკაშვილი სხვა პალატაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა დამძიმდა". მედიკოსი ამბობს, რომ სატურაცია ქვედა დონეს მიუახლოვდა, რაც, მისივე თქმით, სიცოცხლისთვის საშიშია.
"სხვა პალატაში გადაყვანიდან მეორე დღესვე, მას აღენიშნებოდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასიცოცხლო პარამეტრის, სატურაციის დაცემა. სატურაცია ქვედა დონეს მიუახლოვდა, რომელიც ძალიან საშიშია მისი სიცოცხლისთვის. ვითხოვთ შეხვედრას კოლეგებთან, რომ გავერკვიოთ, რა მკურნალობის ტაქტიკა აქვთ არჩეული," - განაცხადა მანანა ჯებაშვილმა.
ექიმს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს "ვივამედის" კლინიკური დირექტორი. ზურა ჩხაიძის თქმით, ექსპრეზიდენტის სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია, სატურაციის ცვლილება კი სააკაშვილის სპორტულმა აქტივობამ გამოიწვია.
"შეიძლება იყო 1-2 მაჩვენებელი, სატურაცია 90-92-ის ფარგლებში, მაგრამ ეს იყო ვარჯიშთან დაკავშირებული, იმიტომ რომ აქვს ტრენაჟორი, ვარჯიშობს და ამ დროს სატურაცია ყოველთვის იცვლება. სატურაციის საგანგაშო ცვლილება ნამდვილად არ ყოფილა. პაციენტი კონტროლდება დღეში რამდენჯერმე და რამე რომ ყოფილიყო, ამაზე, პირველ რიგში, ჩვენ ვისაუბრებდით.
საგანგაშო ნამდვილად არაფერი არ არის და ამ განცხადებებს, ეტყობა, სხვა მიზანი აქვს და მოდით, მართლა ექიმებს ნუ ჩავრთავთ ამ ბინძურ თამაშებში. მოგვმართონ როგორც წესი და რიგია და ყოველთვის შევხვდებით. ჩვენ შეხვედრაზე არასდროს არ ვიკავებთ თავს და ჯობდა, ვიდრე კამერებთან გააკეთებდნენ ასეთ აბსურდულ განცხადებას, ჩვენ შეგვხვედროდნენ," - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.