22 დეკემბერი 2024,   09:35
ვრცლად
ახალი საცხოვრებელი კორპუსები ჯარისკაცებისთვის - "ჯარის ქალაქი" მახათას მთაზე აშენდება და 1200 სამხედრო მოსამსახურეზე იქნება გათვლილი

ბინები ჯარისკაცებს - მთავრობა სამხედრო მოსამსახურეებისთვის ახალ, მასშტაბურ პროექტს იწყებს. 43 საცხოვრებელი კორპუსი 1200 სამხედრო მოსამსახურისთვის წელს დაიწყება და რამდენიმე წელიწადში დასრულდება.

საბინაო პროექტის მეორე ეტაპი მახათას მთაზე უახლოეს მომავალში დაიწყება და, რამდენიმე წელში, კიდევ 1200-მდე სამხედრო მოსამსახურეს საკუთარი ბინა ექნება. თანამონაწილეობის პრინციპის საფუძველზე, ჯარისკაცები კვადრატულ მეტრში მხოლოდ 100 დოლარს გადაიხდიან და, მის დასაფარად, შიდა უპროცენტო განვადებაც იმოქმედებს. გეგმის მიხედვით, თავდაცვის უწყებაში მომუშავე ოფიცრები და სერჟანტები საცხოვრებელ ფართებს კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ. მინისტრის თქმით, ბინები სამართლიანობის მაქსიმალური დაცვით განაწილდება.

სამხედროებისთვის მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ დღეს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ასეთი ინიციატივები სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების სოციალურ პირობებს გააუმჯობესებს, აამაღლებს ჯარისკაცების მოტივაციას და გაზრდის სამხედრო სამსახურში ჩართვის სურვილს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ქართული ჯარის გაძლიერებაა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მშენებლობა მაღალი სტანდარტითა და ხარისხით განხორციელდება. კორპუსები ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. პარალელურად, დაგეგმილია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შენობა-ნაგებობების გარშემო ტერიტორიის კეთილმოწყობა, რაც სამხედროებისათვის საცხოვრებელ პირობებს უფრო კომფორტულს გახდის.

პროექტის პირველ ეტაპზე, 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ბინები უკვე გადაეცა.

დღის ამბები