22 დეკემბერი 2024,   09:57
ვრცლად
გიორგი გახარიას შევთავაზეთ გაერთიანებაში და ამ კოალიციაში შემოსულიყო თანაბარ, სწორუფლებიან პარტნიორად, გავაგრძელებთ კონსულტაციებს, არ დამთავრებულა - მამუკა ხაზარაძე

ერთი დღე საკმარისი არ აღმოჩნდა - მამუკა ხაზარაძე დამატებით დროს ითხოვს. "ლელოს" ლიდერმა გიორგი გახარიასთან მორიგი შეხვედრა ერთ-ერთ კაფეში გამართა.

მოლაპარაკების რიგით მესამე მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა, თუმცა პროცესი რომ გაგრძელდება დღესაც ორივე მხარისგან ითქვა.

"მოგეხსენებათ, რაღაც უნდა შეეთანხმებინა მამუკას და ჯერჯერობით არ გამოდის ეს შეთანხმება ჩემდა სამწუხაროდ. მამუკას უნდა შეეთანხმებინა თავის გუნდთან, როგორც ჩანს ვერ მოახერხა ჯერჯერობით, ვნახოთ, დაველოდებით", - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია.

საარჩევნოდ გაერთიანებაზე გიორგი გახარია გუშინვე თანახმა იყო, მამუკა ხაზარაძემ კი საკუთარ გუნდთან კონსულტაციისთვის დრო ითხოვა, როგორც ჩანს, ეს დრო "ლელოს" წევრების თუ პარტნიორების დასარწმუნებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

"ჩვენ ბატონ გიორგის შევთავაზეთ, რომ გაერთიანებაში და ამ კოალიციაში შემოსულიყო თანაბარ, სწორუფლებიან პარტნიორად. გავაგრძელებთ კონსულტაციებს, არ დამთავრებულა, საუბარი გრძელდება. მინდა მას მადლობა გადავუხადო კონსტრუქციული მიდგომისთვის, არ არის მარტივი რაღაც.

მინდა მივაღწიო, რომ არჩევნებამდე ჩვენს მოქალაქეებს ვაჩვენოთ როგორ გამოიყურება კოალიცია და ვის რა ზომა, წონა აქვს ამ კოალიციაში, ეს არ არის მთავარი.

ჩვენ გვაქვს პრეზიდენტთან მუდმივი კომუნიკაცია, როცა დაინიშნება ახალი შეხვედრა შევხვდებით", - აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.

დღის ამბები