19 სექტემბერი 2024,   23:16
ვრცლად
"კესარიამ როგორც მითხრა, გარკვეული კონფლიქტი ჰქონდათ" - რას ამბობენ კესარია აბრამიძის მეზობლები "კურიერთან" საუბრისას

სასტიკად მოკლული ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მამაკაცს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. 26 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს.

სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მიხედვით ირკვევა, რომ დანაშაული, დაახლოებით, 14 წუთში მოხდა. ცნობილია, რომ ბექა ჯაიანმა ცივი იარაღით მიაყენა მსხვერპლს მრავლობითი დაზიანებები ყელის არეში, რის შემდეგაც ტერიტორია დატოვა.

მეზობლები ამბობენ, რომ ხმაური გაიგეს და ამიტომ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც მძიმე სურათი დახვდათ.

"ხმაური იყო და მეზობლებმა მომიკაკუნეს, ხომ კარგად არისო, გარედან დავინახე და შიგნით ვეღარ შევედი,"- ამბობს მეზობელი.

"დამირეკეს და მითხრეს, რომ იმ ნაძირალამ კესარია მოკლა. ვხედავდი ყოველდღე, როდესაც სამსახურში მიდიოდა... კესარიამ როგორც მითხრა, გარკვეული კონფლიქტი ჰქონდათ"- აცხადებს მეზობელი.

კესარია აბრამიძე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, გუშინ საღამოს მოკლეს. შსს-მ ეჭვმიტანილი - 26 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "თ" და "მ" პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები