ხაზარაძე-გახარიას ვერშემდგარ ალიანსს უმრავლესობაში აფასებენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სპექტაკლი გაგრძელდება და, საბოლოოდ, არჩევნებამდე გაერთიანება მაინც მოხდება, რადგანაც გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით გარე ძალებს უკვე მიღებული აქვთ.
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, გახარია-ხაზარაძეს ერთმანეთი სძულთ და "სერიოზული მიუღებლობა აქვთ", თუმცა მათ არავინ ეკითხება გაერთიანების საკითხს, რადგან ქვეყნის გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილონ.
"სძულთ ერთმანეთი, ძალიან სერიოზული მიუღებლობა აქვთ, მაგრამ როგორც ჩანს, არავინ არ ეკითხებათ არც ხაზარაძეს და არც გახარიას, არც ხაბეიშვილს და მელია-გვარამიას შეტყუპება-შედუღაბებას. გადაწყვეტილია, ბრძანება გამოშვებულია და ესენიც იძულებულები იქნებიან, შეასრულონ", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.