ოპოზიციის აქტივისტის სკანდალური აღიარება კვლავ შეფასებების საგანია პოლიტიკურ სპექტრში. მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ახალგაზრდების გამოყენებას საკუთარი ინტერესებისთვის ცდილობს.
"უბიძგეს, ჩაადენინეს დანაშაული, ებრძვიან "ქართულ ოცნებას" იმისთვის, რომ რამენაირად ჩაიგდონ ხელისუფლება ხელში, საჭე მოატრიალონ ომისკენ. აი, ეს ბავშვები, ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები, მიაჩნიათ მოსახმარ, პერიოდულ მარაგ ნაწილებად, ჭანჭიკებად, რომელსაც მოისვრიან პირველივე შესაძლებლობისას,"- აცხადებს მმართველი გუნდის წევრი ბექა ოდიშარია.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა ფრიდონ ბუბუტეიშვილმა, სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ის გიორგი ვაშაძის დაკვეთით მოქმედებდა. კერძოდ, ნივთი, რომლითაც მან მეხანძრე-მაშველს დაზიანება მიაყენა, მისივე განმარტებით, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის მითითებით ისროლა. "მან მითხრა, ისროლე და თუ რამეა, მე აქ ვარ და გაგიყვანო," - აცხადებს ბუბუტეიშვილი და უკმაყოფილებას არ მალავს იმით, რომ ვაშაძემ ის მიატოვა.