22 დეკემბერი 2024,   10:17
ვრცლად
ირაკლი ქარსელაძე ბუდაპეშტის ტრანსპორტის მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) განვითარების საკითხებზე, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ტრანსპორტის მინისტრების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მინისტერიალი უნგრეთის ევროკავშირის პრეზიდენტობის (The Hungarian Presidency of the Council of the EU 2024) ფარგლებში ჩატარდა და მასში ევროკავშირის წევრი ქვეყნების, საქართველოს, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინისა და მოლდოვას ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები მონაწილეობდნენ.

მინისტრების სადისკუსიო შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირის სატრანსპორტო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერების შესაძლებლობები, იმსჯელეს ევროპული მიწოდების ჯაჭვის ეფექტიანობის გაზრდის აუცილებლობაზე, ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებისა და მწვანე და ციფრული ევროპული სატრანსპორტო სექტორის განვითარების გზებზე.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას, აღნიშნა საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის შესაძლებლობა და ფუნქცია გლობალური დაკავშირებადობისა და "შუა დერეფნის" განვითარებაში.

"ვმონაწილეობთ მნიშვნელოვან ფორუმში, რომელიც გვაძლევს კარგ შესაძლებლობას, ვიმსჯელოთ როგორც მიმდინარე გამოწვევებზე, ასევე - სამომავლო გეგმებზე. ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ევროკავშირის სატრანსპორტო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერების შესაძლებლობები, საუბარია შუა დერეფანზე და ევროპულ სატრანსპორტო ქსელზე. დამსწრე საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, საქართველოში მიმდინარე პროექტების პროგრესთან დაკავშირებით, ასევე იმ მიღწევებზე, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად გაგვეძლიერებინა ეს მიმართულება. ვისაუბრეთ ახალ სტრატეგიულ პროექტებზე-შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებისა და ანაკლიის პორტის მშენებლობაზე", - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

დღის ამბები