ოპოზიცია გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდადებულის, დარჩო ხეჩუაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. "ევროოპტიმისტების" წევრი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ არაა გამორიცხული, ხეჩუაშვილი თავად ხელისუფლებამ ჩამოიყვანა.
"ძალიან მარტივია, თუ დააკავეს, თავად ახსნის, ვინც შეუკვეთა ეს თავდასხმა. ეს თავდასხმა მაშინდელ ხელისუფლებას აწყობდა. ეს იყო, ფაქტობრივად, ან წინასაარჩევნოდ დაშინების მცდელობა, ან მკვლელობა, ვინაიდან იგი შემთხვევით გადარჩა. არაა გამორიცხული, თავად ხელისუფლებამ ჩამოიყვანა და ამნისტიას შეჰპირდნენ, ყველაფერი გამოჩნდება სამომავლოდ, ფაქტია, ჰყავთ ადამიანი, რომელიც არის დამნაშავე და ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესები," - აცხადებს რომან გოცირიძე.
"გირჩის" წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ ხეჩუაშვილს მნიშვნელოვანი მოტივი უნდა ჰქონოდა იმისთვის, რომ საზღვრის გადმოკვეთა ასე თამამად ეცადა.
"ნამდვილად საინტერესოა... გამოძიება თუ ჩატარდება და გვეცოდინება, რა და როგორ ხდება, არ იქნებოდა ურიგო. თვითონ ფაქტი, რომ მან გარისკა და საზღვრის გადაკვეთა დააპირა, უკვე მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანი მოტივი ჰქონდა ამისთვის. რა მოტივი ჰქონდა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ისე, ნამდვილად საინტერესო შემთხვევაა," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დაკავებულია პირი, რომელიც გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე იძებნებოდა. ის დარჩო ხეჩუაშვილია. ხეჩუაშვილს, დაუსწრებლად, 18-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი - ძებნილი ქვეყანაში შემოსვლის დროს, საზღვარზე აიყვანეს.