21 სექტემბერი 2024,   14:58
ვრცლად
"მილანის" საქართველოში ჩამოსვლას ჩემთვის ორმაგი დატვირთვა აქვს, ისევ დავბრუნდი წარსულში და დღეს ისევ ის პატარა კალა ვარ - კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ "ლეგენდების მატჩის" დაწყებამდე პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა. კალაძემ აღნიშნა, რომ მისთვის "მილანის" თბილისში ჩამოსვლას ორმაგი დატვირთვა აქვს.

"უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ვიყავი ამ კლუბის ნაწილი. დღეს, "მილანის" საქართველოში და თბილისში ჩამოსვლას ჩემთვის ორმაგი დატვირთვა აქვს - ალბათ ხედავთ, რომ იგრძნობა ჩემს ემოციებშიც ეს, ისევ დავბრუნდი წარსულში და დღეს ისევ ის პატარა კალა ვარ, წლების წინ როგორც იყო.

მე დაცვაში ვთამაშობ და ჩემი მიზანი იქნება, რომ რაც შეიძლება ნაკლები გოლი გავიდეს. არცერთ დამცველს არ უხარია, რომ გოლები გადის, ყველა მაქსიმალურად ცდილობს, რომ მშრალად შეინარჩუნოს საკუთარი კარი. შეხვედრას რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ, საკმაოდ საინტერესო იქნება, ბიჭები ყველანი მზად არიან, როგორც საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები, ისე მილანის ლეგენდები," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღეს, თბილისში ლეგენდების მატჩი გაიმართება. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, დღეს 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლეგენდების მატჩი გაიმართება. ერთმანეთს ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები და იტალიის საფეხბურთო კლუბ "მილანის“ ლეგენდები შეხვდებიან.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საფეხბურთო კლუბ „მილანის“ლეგენდებს თბილისის აეროპორტში დახვდა.

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

დღის ამბები