27 სექტემბერი 2024,   03:12
ვრცლად
რამდენიმე საკითხი, რომელიც მომავალმა დედამ უნდა გაითვალისწინოს - მეან-გინეკოლოგის რჩევები

ორსულობა ქალის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პერიოდია, ამავდროულად, მისი ორგანიზმისთვის გარკვეული სტრესსაც წარმოადგენს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, მომავალმა დედებმა საკუთარი ფეხმძიმობის პერიოდი სწორად წარმართონ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მეან-გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი, ქეთი გოცირიძე "დილა მშვიდობისა საქართველოს" ეთერში საუბრობს.

როგორ უნდა მოემზადოს ქალი დედობისთვის? - ექიმის რეკომენდაციით, იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული რიგი გართულებები ორსულობისას, უნდა გატარდეს პრევენციული ღონისძიებები.

"რამდენიმე საკითხი, რომელიც მომავალმა დედამ უნდა გაითვალისწინოს; პირველი - მარტივი დიაგნოსტიკური ტესტების ჩატარება, იმისთვის, რომ შევაფასოთ ქალის ზოგადი ჯანმრთელობა, ეს არის ინფექციური დაავადებების სკრინინგი, საშვილოსნოს ყელის, ძუძუს სკრინინგი, ჰორმონალური პროფილის შეფასება, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასება, რადგან ფარისებრ ჯირკვალს უდიდესი როლი აქვს ბავშვის ზრდა-განვითარებაში. ასევე, პრენატალური ვიტამინები და, მათ შორის, ფოლიუმის მჟავაც უარესად მნიშვნელოვანია ორსულებისთვის. ბევრი კვლევით არის დადასტურებული, რომ, ნერვული მილის განვითარების ანომალიის პრევენციისთვის, აუცილებელია ფოლიუმის მჟავის მიღების დაწყება, იდეალურ შემთხვევაში, სამი თვით ადრე, თუმცა ერთი თვით ადრე, მინიმუმ, სასურველია, ვიდრე ორსულობა დადგება.

არის რიგი ინფექციური დაავადებები, რომლებითაც, ორსულობის დროს დასნებოვნებისას, სერიოზული ზიანი შეიძლება მიადგეს ნაყოფს. ამიტომაც, ორსულობამდე უნდა შეფასდეს იმუნიტეტის არსებობა. თუ არ არის იმუნიტეტი დადასტურებული, ამ შემთხვევაში სასურველია ვაქცინაცია ჩატარდეს მაგალითად, წითურას, ჩუტყვავილასა და სხვა მსგავს ვირუსებზე. ორსულობამდე, სასურველია, გადამოწმდეს და დადასტურდეს იმუნიტეტის არსებობა," - ამბობს ქეთი გოცირიძე.

დღის ამბები