13 ოქტომბერი 2024,   01:29
ვრცლად
"მამა, ცოტა პური მინდა" - აშშ-ში მამას 4 წლის ბავშვის შიმშილით მოკვლას ედავებიან - გახმაურებული საქმის განხილვა გრძელდება

აშშ-ში, ტეხასში, 4 წლის ბიჭის შიმშილით გარდაცვალების საქმეზე, სასამართლო განხილვა განახლდა. ნაფიც მსაჯულებს შემზარავი ვიდეომასალა აჩვენეს.

გავრცელდა ბავშვის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გადაღებული ვიდეო, როგორ სთხოვს ბავშვი მამას პურს, წყალს ან რძეს. "მამა, ცოტა პური მომეცი" - ამბობს ვიდეოს ერთ-ერთ მონაკვეთში ბავშვი ტირილით.

ამასთან, სასამართლოშია წარდგენილი სახლის უსაფრთხოების კამერებით გადაღებული ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, როგორ ეძებს 4 წლის ბენჯამინი შუაღამისას საჭმელს სამზარეულოში, მოგვიანებით გადაღებული ვიდეოებიდან კი ირკვევა, რომ მას მაცივრის კარიც ჩაუკეტეს.

პროკურატურამ სასამართლოს, ჯამში, 30-ზე მეტი ვიდეო წარუდგინა. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ბავშვის გარდაცვალებაში მამაა დამნაშავე. ბრალდების მხარე სამუდამო პატიმრობას ითხოვს. უფრო ზუსტად - კაცს ბრალად ედება ბავშვის შიმშილით მოკვლა.

სასამართლომ მოუსმინა ოფიცერს, რომელიც აღნიშნავს, რომ ბავშვს სხეულზე თვალნათლივ ეტყობოდა დაზიანებები - სისხლჩაქცევები თვალებთან და გულ-მკერდზე. მისივე თქმით, ბიჭი იმდენად იყო გამხდარი, რომ ძვლები ეტყობოდა.

ბავშვის გარდაცვალების მიზეზად შიმშილს ასახელებს ექიმი.

"ის შიმშილით გარდაიცვალა. ეს მკვლელობაა", - ამბობს ბეიარის ოლქის მთავარი ექიმი კიმბერლი მოლინა.

ბავშვის მამა ბრალს არ აღიარებს. როგორც მან სასამართლოს უთხრა, ბენჯამინს "ქცევითი პრობლემები ჰქონდა" და თავს თავად იზიანებდა.

ბიჭი მამასთან და დედინაცვალთან იზრდებოდა. ის 2021 წლის 17 აგვისტოს გარდაიცვალა. როგორც გამომძიებლები ამბობენ, ბავშვისთვის გადაღებული ვიდეოების დიდი ნაწილი სწორედ დედინაცვლის მობილურიდანაა ამოღებული.

სასამართლო პროცესი, მიმდინარე კვირაში, დაცვის მხარის მოსმენით გაგრძელდება.

დღის ამბები