04 ოქტომბერი 2024,   19:15
ვრცლად
“ამ განცხადების ავტორს ჩვენ შეგვიძლია შევახსენოთ, რომ 150-მდე პარტია არის ევროკავშირის მასშტაბით აკრძალული“ - არჩილ გორდულაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

პოლიტიკური დისკუსიის საგანია ამერიკის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ბანერი - “დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ“ - ვკითხულობთ “ქარდზე.“ სახელისუფლებო პარტიაში აღნიშნულ ფრაზას რამდენიმე ქვეყნის მაგალითით პასუხობენ. ამბობენ, რომ გერმანიაში აკრძალულია “ნაციონალ-სოციალისტური“ პარტია, ესპანეთში პარტია “ბატასუნა,“ საფრანგეთში კი პარტიები ან ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უწყობენ რასიზმს ან ანტისემიტიზმს. საუბარია კიდევ სხვა ქვეყნებზეც.

ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ იმ ფონზე, როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში ათეულობით პარტიაა აკრძალული, რატომღაც სპეკულაციის საგანი გახდა “ნაცმოძრაობის“ აკრძალვასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების“ განცხადება.

“ამ განცხადების ავტორს ჩვენ შეგვიძლია შევახსენოთ, რომ 150-მდე პარტია არის ევროკავშირის მასშტაბით აკრძალული, მათ შორის, მოლდოვასა და უკრაინაში ერთი ოპოზიციური პარტიაც კი აღარ არის დარჩენილი, ერთი განსხვავებული ხმის ამოღების საშუალებაც კი არ არის დარჩენილი ამ ქვეყნებში. და მავანი ჩვენ გვადანაშაულებს იმაში, რომ “ნაციონალური მოძრაობა,“ რომელიც არის დამნაშავე და მთავარი მათი დანაშაული არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატში, რასაც 2004-2012 წლებში ისინი პერმანენტულად ახორციელებდნენ, ამას თითქოს ჩვენ დანაშაულად გვითვლიან. ასეთი მცდელობები არ გამოუვა არავის. იმიტომ რომ სიმართლე არის ერთი და ეს სიმართლე ძალიან კარგად იცი ქართველმა ხალხმა, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ და დანაშაულებრივი რეჟიმი ერთმანეთთან ტოლობის ნიშნით არის დაკავშირებული.

რაც შეეხება ზოგადად ასეთი “ქარდების“ გამოქვეყნებას, გან საკუთრებით მაშინ, როდესაც სულ სამიოდე კვირა არის დარჩენილი არჩევნების დღემდე. ძალიან სამწუხაროა ასეთი განცხადებების მოსმენა და, სამწუხაროდ, ჰგავს მცდელობას, რომ კოლექტიურმა "ნაცმოძრაობამ," იმ დესტრუქციულმა ძალამ, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" კრებსითად წარმოადგენს, რაიმე პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობა შეინარჩუნოს და რამენაირად ისინი დარჩნენ ზედაპირზე," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დღის ამბები