04 ოქტომბერი 2024,   19:16
ვრცლად
ყველაფერზე შევთანხმდებით, ჩვენ გვაქვს ჩვენი პროგრამა, რომელიც ძალიან დეტალურად არის გაწერილი - გიორგი ვაშაძე ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებაზე

“ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ქარტიის აბსურდულობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს - თემა აქტუალური სალომე ზურაბიშვილის მორიგმა ინტერვიუმ გახადა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს საკმაოდ განსხვავებული მახასიათებლები და ხედვები აქვთ. ის აღიარებს, რომ კოალიცია შეუძლებელია და ამიტომ მხარეებს ტექნიკურ მთავრობას სთავაზობს.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა - მას დაუსვეს კითხვა ექნება თუ არა არჩევნების შემდეგ ინსტიტუციური როლი მთავრობის შემადგენლობაში. მისგან დაინტერესდნენ აქვს თუ არა წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ უნდა შექმნას კოალიცია საკმაოდ ფრაგმენტულ ოპოზიციასთან? თანამშრომლობის პერსპექტივებზე საუბარი უჭირთ თავად ოპოზიციაშიც, რომლის უმრავლესობას ტექნიკური მთავრობის შექმნის და ერთ წელში ხელახალი არჩევნების დათქმაზე ხელი უკვე მოწერილი აქვს.

პლატფორმის “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ყველაფერზე შეთანხმდებიან და მათ მიერ დეტალურად გაწერილ პროგრამას გაჰყვებიან.

“ყველაფერზე შევთანხმდებით, ჩვენ გვაქვს ჩვენი პროგრამა, რომელიც ძალიან დეტალურად არის გაწერილი. კოალიცია იკვრება პროგრამების გარშემო. რაც შეეხება იმას, კონკრეტულად ვინ იქნებიან თანამდებობებზე - ჯერ გადავხტეთ და ჰოპ მერე დავიძახოთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია საქმის მკეთებელი პროფესიონალები იყვნენ კონკრეტული მიმართულებებით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, გამარჯვების შემდეგ მიიღებენ რეფორმატორულ კანონებს, რომლებიც საშუალებას მისცემს მათ ევროკავშირთან მოლაპარაკებები გახსნან.

“ხელისუფლებაში მოვალთ რეფორმატორული გუნდი. ჩვენ პირველივე 6 თვეში წარვადგენთ იმ ტიპის რეფორმებს, მათ შორის, გავაუქმებთ ამ ყველა უბედურ კანონს. მივიღებთ რეფორმატორულ კანონებს, რაც საშუალებას მოგვცემს გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

დღის ამბები