04 ოქტომბერი 2024,   19:24
ვრცლად
“ის, რომ თავისუფლებას და დემოკრატიას მხარს უჭერს საქართველოში, ეს, რა თქმა უნდა, საელჩოს “ქარდები“ იქნება, განცხადებები თუ ნებისმიერი სხვა მეთოდი, ეს პირიქით, ბუნებრივია“ - ირაკლი ფავლენიშვილი

ამერიკის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ბანერთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ - “დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ,“ ოპოზიციაში შეფასებები კეთდება.

პლატფორმა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიის ყველაზე დიდი მხარდამჭერია და, მათი შეფასებით, ბუნებრივია, თუ ამ პოზიციას საქართველოშიც გამოხატავენ.

“ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, მკაფიოდ გამოხატავს პოზიციას, რომელიც არის ჩვენი დასავლური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა. ამერიკის შეერთებული შტატებისგან დემოკრატიის და თავისუფლების მხარდაჭერას ველით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის დემოკრატიის, თავისუფლების ყველაზე დიდი ქომაგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ის, რომ თავისუფლებას და დემოკრატიას მხარს უჭერს საქართველოში, ეს, რა თქმა უნდა, საელჩოს “ქარდები“ იქნება, განცხადებები თუ ნებისმიერი სხვა მეთოდი, ეს პირიქით, ბუნებრივია,“ - აცხადებს პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა,“ ირაკლი ფავლენიშვილი.

შეფასებები გაკეთდა “გირჩშიც,“ სადაც აცხადებენ, რომ საქართველოში დემოკრატიას ბევრი რამ აკლია.

“ისედაც გასაგებია, რომ დემოკრატიებში პარტიები არ იკრძალება, როგორც არ იკრძალება მედიები, მაგრამ ჩვენი “ენჯეოები“ “ალტ-ინფოს“ დახურვას ითხოვდნენ. როგორც არ შეესაბამება დემოკრატიას ქალების კვოტირება, მაგრამ ამას ითხოვდნენ, მათ შორის, ამერიკის მიერ დაფინანსებული ენჯეოები, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში კვოტირებაა. ასე, რომ ბევრი რაღაც აკლია ჩვენ ქვეყანას, რომ დემოკრატია იყოს.

პარტიების დახურვა, რა თქმა უნდა, ცუდი ამბავია და არავინ არ დაეთანხმება ნორმალურ საზოგადოებაში, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ცუდი პრეცედენტები სხვა ქვეყნებშიც შეიძლება იპოვოს ადამიანმა.

ჩვენი პარტია ფუნქციონირებს, მაგრამ მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით. ყველა პარტიას ვერ ექნება თანაბარი და ერთნაირი შესაძლებლობა, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში ფინანსებია დაბლოკილი, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ვიღაც ჩემს დახურვას აპირებს,“ - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “გირჩი“ წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღის ამბები