21 დეკემბერი 2024,   15:32
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთი ნელი მოქმედების ბომბზე - ლიბანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისრაელის საწინააღმდეგოდ მისაღებ ზომებზე ერთობლივად იმსჯელეს

ბეირუთში აქტიური სარაკეტო იერიშები გრძელდება. აფეთქებები ისმოდა დღეს მთავარი აეროპორტის მახლობლადაც. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 40-მდე ადამიანი დაიღუპა. ისრაელის ინფორმაციით, მოკლულია "ჰეზბოლას" კომუნიკაციების მეთაური თუმცა, შესაძლოა, "ცახალს" გაცილებით დიდი გაბარიტების სამიზნეშიც მოერტყა. გავრცელებული ინფორმაციით, მათი სამიზნე ჰასან ნასრალას პოტენციური შემცვლელი, ჰაშემ საფიედინე იყო. თუმცა, ამ დრომდე უცნობია, ცოცხალია იგი თუ მკვდარი.

ლიბანის საზღვართან ისრაელის მისამართით რამდენიმე ათეული რაკეტა დღესაც გაუშვეს - ისინი განეიტრალებულია. თავად ლიბანში კი გრძელდება “ცახალის” სახმელეთო ოპერაცია. ქვეყნების საზღვართან ევაკუირებულია 30 სოფელი. “ჰეზბოლასთან” პირდაპირ შეტაკებებს უკვე ემსხვერპლა 16 ისრაელელი ჯარისკაცი. ოპერაციისას “ცახალის” ელიტურმა ქვედანაყოფებმა დაჯგუფების სამხედრო აღჭურვილობის ამოღება შეძლო.
ნაპოვნია ის გვირაბებიც, რომლითაც ტერორისტული დაჯგუფება, თელ-ავივის ცნობით, 7 ოქტომბრის წლისთავზე, დიდი ტერორისტული აქტის განხორციელებას გეგმავდა. გეგმების შეუყოვნებლივ განხორციელებას აანონსებს თეირანი. დღეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც აიათოლა ალი ჰამენეი პარასკევის ლოცვაზე მოსალას დიდ მეჩეთში გამოჩნდა.

თუ რა ზომები უნდა იქნას მიღებული ისრაელის წინააღმდეგ, ამაზე დღეს ლიბანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივად იმსჯელეს. ერთობლივ ნაბიჯებზე მსჯელობენ ისრაელსა და აშშ-ში. ჯო ბაიდენმა დღეს თქვა, რომ ირანის ნავთობ ობიექტებზე თავდასხმის შესახებ საჯარო მსჯელობებში ვერ შევა. ამ დაშვების გამო ნავთობის ფასმა ბაზარზე ისედაც იმატა. "არ მგონია, ახლო აღმოსავლეთში მასშტაბური ომი დაიწყოს, ვფიქრობ, შეგვიძლია ამის თავიდან აცილება," - ამბობენ თეთრ სახლში.

ისრაელი იერიშებს აგრძელებს ღაზაზეც, სადაც რთული ჰუმანიტარული მდგომარეობაა, იზრდება მსხვერპლი. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალებმა დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ტულკარმში საჰაერო იერიში მიიტანეს და "ჰამასის" მაღალჩინოსანი მოკლეს.

დღის ამბები