07 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
სასაცილოა ახალი პირობის გაჩენა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, როდესაც დეკემბერში მას საპრეზიდენტო ვადა ისედაც ეწურება - თეონა აქუბარდია

“ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ოპოზიცია გამოეხმაურა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ იმპიჩმენტისთვის “ქართულ ოცნებას“ შესაბამისი რესურსი არ ექნება და, ამასთან, ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე, პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მცდელობა “სასაცილოა“.

“იმედიანად მაღალი ლეგიტიმაცია და მანდატები სჭირდება პრეზიდენტის იმპიჩმენტს, რომ ამის ნახევარსაც ვერ აიღებს “ქართული ოცნება“, რამდენიც არ უნდა ისაუბრონ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე. ზოგადად, ამ ტიპის საუბარი მათი მხრიდან სასაცილოა. რა თქმა უნდა, მომდევნო პარლამენტის პირობებში მგონია, რომ ეს საკითხი საერთოდ არ დადგება და მათ შორის, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებიდან ძალიან მალე, ჩვენთან იქნება საპრეზიდენტო არჩევნები,“ - აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან სანიკიძე.

“ქართული ოცნება“, რომელიც ერთხელ უკვე დამარცხდა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დროს და თავად გავიდა საქართველოს კონსტიტუციიდან მაშინ, როდესაც კონსტიტუციის არამხოლოდ 78-ე მუხლი დაარღვია რუსული კანონით, რაც ნატოსა და ევროკავშირში წევრობას გულისხმობდა და ამაზე ღია პოზიციები მოვისმინეთ ამ ორივე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან, არამედ, მათ შორის, უარი თქვა დემოკრატიაზე და ავტორიტარიზმისკენ იბრუნა პირი. ამიტომ, ჩემთვის სასაცილოა ახლა ახალი პირობის გაჩენა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, როდესაც დეკემბერში პრეზიდენტს საპრეზიდენტო ვადა ისედაც ეწურება,“ - აცხადებს პარტია “გახარია საქართველოსთვის“ წევრი თეონა აქუბარდია.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნება“" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურებს მეორედ იწყებ. მიზეზად პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისევ უნებართვო ვიზიტები დაასახელა. 26-ი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს - ქვეყნის უზენაესი ინსტანციის საფუძველზე კი, “ქართულ ოცნებას“ აქვს მოლოდინი, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტი მოახერხებს სალომე ზურაბიშვილის გადაყენებას.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტს ვადა მიმდინარე წელს ისედაც ეწურება, ხოლო მისი არჩევის სისტემა სრულიად ახალი იქნება ქართული რეალობისთვის - მას კოლეგია აირჩევს. სახელისუფლებო პარტია განმარტავს, რომ იმპიჩმენტი ვადას ყველაზე მეტი ერთი თვით შეამცირებს, თუმცა მათი პრინციპული არჩევანია სალომე ზურაბიშვილს გადაყენებული პრეზიდენტი ერქვას.

ამავე თემაზე: შალვა პაპუაშვილი: მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელახლა აღვძრათ იმპიჩმენტის პროცედურა სალომე ზურაბიშვილზე და მოვამზადოთ ახალი კონსტიტუციური წარდგინება.

დღის ამბები