27 დეკემბერი 2024,   03:44
ვრცლად
"ძალიან ცუდი პრაქტიკაა თურქეთის მცირე ზომის კლინიკებში, სადაც იაფი ოპერაციები ბიზნესადაა ქცეული" - ბარიატრიული ქირურგიის ექსპერტი, დავით აბულაძე ოპერაციის რისკებსა და გართულებებზე

ბარიატრიული ქირურგია, როგორც ჭარბწონიანობის მკურნალობის ეფექტური მეთოდი, საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული ბოლო პერიოდში გახდა. როგორც ნებისმიერ სხვა ქირურგიულ ჩარევას, ამ ოპერაციასაც ახლავს გარკვეული რისკები და გართულებები, რასთან დაკავშირებითაც პაციენტების ინფორმირება აუცილებელია.

ოპერაციის ძირითადი რისკებისა და შესაძლო გართულებების შესახებ "რუსთავი 2" ბარიატრიული ქირურგიის ექსპერტს, ექიმ დავით აბულაძეს ესაუბრა.

ოპერაციის შემდგომი გართულებების რისკები

დავით აბულაძის თქმით, მიუხედავად ყველა რეკომენდაციის დაცვისა და ოპერაციის სწორად ჩატარებისა, გართულებების რისკი მაინც არსებობს. 

"ქირურგიული სისხლდენა არის ყველაზე გავრცელებული - რომლის ალბათობაც არის, დაახლოებით, 0.9-დან 1%-მდე. ნაკერების უკმარისობა, რომლის ალბათობაც არის 0.6%, თრომბოემბოლია, რომლის ალბათობაც 0.1-0.2%-ია, მეტი არა. საბოლოო ჯამში, ეს ყველა ერთად 1.5%-ს შეადგენს," – აღნიშნავს ექიმი.

ამასთან, სიკვდილიანობის რისკი მინიმალურია და 1000 ოპერაციიდან მხოლოდ ერთ შემთხვევას შეადგენს, რაც დაკავშირებულია ისეთ გართულებებთან, როგორიცაა თრომბოემბოლია ან ორგანოთა უკმარისობა სეფსისის გამო.

"სიკვდილიანობის ალბათობა 0.1%-ია, ანუ 1000-დან 1 შემთხვევა," – ამბობს ექიმი, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ამგვარი რისკები უფრო დაბალია, ვიდრე ჭარბწონიანობით გამოწვეული სერიოზული დაავადებების, როგორიცაა ინფარქტი და ინსულტი, რასაც 1000 ოპერაციაგაუკეთებელი პაციენტიდან 300-ის შემთხვევაში სიკვდილი მოჰყვება.

ოპერაციის შემდგომი გართულებები

ექიმი დავით აბულაძე ყურადღებას ამახვილებს ბარიატრიული ოპერაციების შემდეგ არსებულ გართულებებზე, რომლებიც განსხვავდება ოპერაციის ტიპის მიხედვით. მაგალითად, "სლივის"(სლივ–გასტრექტომია) შემთხვევაში, გასტროეზოფაგური რეფლუქსი 15%-მდე პაციენტებში გამოვლინდება, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ეს მდგომარეობა კონტროლირებადია და არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. ოპერაციიდან 3-4 წლის შემდეგ პაციენტების 40%-ს ექმნება წონის ხელახლა მატების პრობლემა.

განსხვავებული ვითარებაა კუჭის მაშუნტირებელი ოპერაციების შემთხვევაში:

"კუჭის მაშუნტირებელი ოპერაციების (ე.წ. ბაიპასი) შემთხვევაში, პეპტიური წყლულის განვითარების რისკი 12-დან 16%-მდეა, დემპინგის სინდრომის განვითარების - 10%, რკინისა და მიკროელემენტების მკვეთრი დეფიციტი - 5-7%-მდე, ხოლო ნაღვლის რეფლუქსი, რაც ყველაზე რთულია, არის 25-30%-მდე," – ამბობს ექიმი. ის აღნიშნავს, რომ ასეთ გართულებებს, ხშირად, ქირურგიული კორექცია სჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ პაციენტმა არასწორად შეასრულა ოპერაციის შემდგომი რეკომენდაციები.

დაბალი ხარისხის ოპერაციები

დავით აბულაძე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს თურქეთში არსებულ პრაქტიკაზე, სადაც იაფფასიანი ოპერაციები ფართოდ გავრცელდა.

"ძალიან ცუდი პრაქტიკაა ჩვენი მეზობელი ქვეყნის - თურქეთის მცირე ზომის კლინიკებში, განსაკუთრებით საზღვართან ახლოს, სადაც იმაზე, დაახლოებით, 2-ჯერ ნაკლები დანახარჯით, ვიდრე საქართველოში ჯდება ეს ოპერაცია და რეალურად ღირს, აკეთებენ იაფ ოპერაციებს. ბიზნესად აქვთ ქცეული," – ამბობს აბულაძე. ის აღნიშნავს, რომ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ სათანადოდ არ კონტროლდება, რამაც შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს:

"ჩათვალეთ, რომ 4-5 წლის მერე, მათი ძალიან ბევრი პაციენტი იქნება გაპრობლემებული წყლულებით, დემპინგებით და ა.შ.," - ამბობს ექიმი.

ექიმი ხსნის, რომ მსგავსი ოპერაციები იწვევს გართულებებს, რაც დიდხანს არ ვლინდება, მაგრამ შემდგომ სერიოზულ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს. მის კლინიკაში ამჟამად 15-მდე პაციენტი იმყოფება მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, რომლებსაც თურქეთში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გართულებები აღმოაჩნდათ.

"ზოგს წყლული აქვს, ზოგს რკინის დეფიციტი და ანემია, ზოგს დიაბეტი მაინც დარჩა, რადგან ავტოიმუნური ფორმა იყო დიაბეტის და არა მეტაბოლური სინდრომით გამოწვეული. იყო გართულებული შემთხვევებიც, როცა ჩვენს სხვადასხვა კლინიკაში მოხვდნენ თურქეთში ნაოპერაციები პაციენტები," - აცხადებს ექიმი.

განმეორებითი ოპერაციების სირთულე

დავით აბულაძის თქმით, წარუმატებელი ოპერაციის შემდგომ, განმეორებითი ოპერაციის ჩატარება საკმაოდ რთული პროცედურაა და სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული.

"წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ ხელმეორედ გაკეთება და გამოსწორება საკმაოდ რთულია. ვერავინ ვერ მისცემს გარანტიას პაციენტს და მის ახლობლებს, რომ განმეორებითი ოპერაცია იმ პრობლემას მოუხსნის, რაც წარუმატებელმა ოპერაციამ დამართა," – ამბობს აბულაძე. მიუხედავად ამისა, ექიმის თქმით, განმეორებითი ოპერაციები აუცილებელია, თუ პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მაგალითად, როცა ადგილი აქვს წყლულს, სისხლდენას ან მკვეთრ მალაბსორბციას.

ექიმი ასევე ხაზს უსვამს, რომ განმეორებითი ოპერაციას არ აქვს აზრი, თუ პაციენტმა ცხოვრების სტილი არ შეცვალა:

"მეუბნებიან, რომ "სლივი" მაქვს გაკეთებული და იქნებ შუნტირება გამიკეთოო. თუ ვხედავთ ჩვენ, რომ იმ ადამიანის მეტაბოლური სინდრომი არ არის მოტრიალებული, ცხოვრების სტილი არ შეუცვლია და ვერ შეძლებს, ვეუბნებით, რომ შუნტირებას ბევრი გართულება ახლავს და თუ ცხოვრების სტილს შეცვლი, ახლაც შეძლებ დაკლებას. მე, მაგალითად, ძირითად შემთხვევაში, უარს ვეუბნები. იქიდან გამომდინარე, რომ კი, შეიძლება დაიკლო, მაგრამ შემდეგ მოიმატო და უფრო მეტი პრობლემები შეგქმნას. " - ამბობს ექიმი.

ბარიატრიული ოპერაცია, მიუხედავად მისი სარგებლიანობისა, პაციენტებისთვის სერიოზულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს და ამ პროცესში, აუცილებელია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება. ბარიატრიული ქირურგიის ექსპერტის, ექიმ დავით აბულაძის მიერ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები და პრაქტიკული გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ ოპერაცია, როგორც წესი, უსაფრთხოა, მაგრამ გართულებების რისკი მაინც არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტები კარგად იყვნენ ინფორმირებულნი და გაითვალისწინონ არა მხოლოდ ოპერაციის შედეგები, არამედ პოსტოპერაციული მოვლისა და ცხოვრების წესის შეცვლის მნიშვნელობა.

თურქეთში ჩატარებული იაფი ოპერაციების გამოცდილების გათვალისწინებით, ექიმი აფრთხილებს პაციენტებს, რომ არ შეამცირონ ოპერაციის ხარისხი ფასის ხარჯზე, რადგან არასწორად ჩატარებული ოპერაცია ან არასათანადო პოსტოპერაციული მეთვალყურეობა მომავალში შეიძლება გაცილებით სერიოზულ გართულებებში გადაიზარდოს.

დღის ამბები