07 დეკემბერი 2024,   19:56
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი უკვე ტექნიკურ მთავრობას აკომპლექტებს და პრემიერ-მინისტრს ირჩევს - სიმბოლურ იმპიჩმენტამდე, პრეზიდენტის ოფისში სიმბოლური შეხვედრები იმართება

ორბელიანების სასახლის კარი ოპოზიციასთან კონსულტაციებისთვის გააღო, თუმცა დაგეგმილ კონსულტაციებზე საუბარი აღარ ისურვა. სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში პირველ შეხვედრაზე დღეს გვარამია-მელიას კოალიცია მიიპატიჟა. დახურულ კარს მიღმა, ერთსაათიანი მოლაპარაკების ბოლოს, გაირკვა, რომ მთავარ საკითხზე მსჯელობა არ გამართულა. შეხვედრა, სადაც ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე უნდა ემსჯელათ, კონკრეტული გვარების დასახელების გარეშე დასრულდა.

ზურაბიშვილი ქარტიის ხელმომწერებს ორბელიანების სასახლეში ხვალაც ელოდება. ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც ამ პროცესს არასერიოზულად მიიჩნევს და ემიჯნება, "გირჩია", თუმცა პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილი დოკუმენტის ერთგული თავად ხელმომწერებიც არ არიან. ოპოზიციის ნაწილს პრეტენზია ერთი წლის შემდეგ დანიშნულ მორიგ არჩევნებზე, ნაწილს კი დროებითი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით აქვს.

მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. "ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ ორბელიანების სასახლეში მიმდინარე პროცესი უცხო ქვეყნების მიერ იმართება, მიზანი კი ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენაა.

სალომე ზურაბიშვილი, ორბელიანების სასახლეში, ხვალ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" და "ძლიერი საქართველოს" კოალიციების ლიდერებს შეხვდება.

 

დღის ამბები