ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, "დღის კურიერის" ეთერში ონკოლოგიის მიმართულებით გაზრდილ დაფინანსებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო 5 წელში, დაფინანსება გახუთმაგებულა:
"რადიკალურად გაზრდილია, არაჩვეულებრივი ზრდის ტემპი აქვს ონკოლოგიის მიმართულებით დაფინანსებას. ბოლო 5 წელში, რეალურად, გახუთმაგებულა დაფინანსება. ეს ნიშნავს იმას, რომ რაც ადრე ხელმისაწვდომი არ იყო, გახდა ხელმისაწვდომი ჩვენი პაციენტებისთვის. საბედნიეროდ, გვაქვს ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გახდეს უფრო ეფექტური და როგორ იყოს გამონახული შესაძლებლობა, რომ რაც შეიძლება მეტი ხელმისაწვდომობა არსებობდეს ნებისმიერ სერვისზე. სექტორი ვითარდება საზოგადოდ და ამ განვითარებას გამორიცხულია, მუდმივად მზარდი ტემპი არ ჰქონდეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა შესაძლებლობას, ახალი მედიკამენტები ჩნდება. ამას ჩვენ ყველაფერს თვალს ვადევნებთ და ნებისმიერი სიახლის შესახებ საზოგადოების უზრუნველყოფას ვცდილობთ,"- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.