18 ოქტომბერი 2024,   01:44
ვრცლად
“ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი ლიკვიდირებულია - ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

“ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი ლიკვიდირებულია - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი ადასტურებს. მინისტრის თქმით, იაჰია სინვარი ისრაელელმა სამხედროებმა დღეს მოკლეს. როგორც კაციმ აღნიშნა, მისი ლიკვიდაცია არის ისრაელისთვის დიდი სამხედრო და მორალური მიღწევა.

ისრაელ კაცის განცხადებით, სინვარის მკვლელობა ქმნის
მძევლების დაბრუნების შესაძლებლობას და “ჰამასისა“ და ირანის კონტროლისგან თავისუფალი ღაზის შექმნას.

იაჰია სინვარი დაჯგუფება “ჰამასის“ ლიდერად გამოცხადდა თეირანში მისი წინამორბედის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ. მანამდე ის იყო ღაზის სექტორში დაჯგუფება “ჰამასის“ ხელმძღვანელი. სინვარი ისრაელის მიერ ძებნილთა სიაში პირველ ადგილზე იყო.

ქვეყნის სპეცსამსახურები მიიჩნევდნენ, რომ სწორედ ის იყო ისრაელის დასახლებებზე 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის დაგეგმვისა და აღსრულების ორგანიზატორი. იაჰია სინვარი იყო იმ 1027 პალესტინელ პატიმარს შორის, რომლებიც ისრაელმა “ჰამასის“ მიერ ტყვედ აყვანილ ისრაელელ სამხედროზე, გილად შალიტზე 2011 წელს გაცვალა.

დღის ამბები