17 ოქტომბერი 2024,   23:18
ვრცლად
ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის მთავარი მიზანი, არჩევნების ტოტალური გაყალბების აღქმის გაჩენაა - მმართველი გუნდი პარალელს 2020 წელთან ავლებს

იმისათვის, რომ ოპოზიციამ და მესამე სექტორმა საზოგადოებაში არასწორი აღქმები გააჩინოს, 2020 წლის მსგავსი ტაქტიკით მოქმედებს - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დროს. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ თამარ კორძაიას, ეკა გიგაურის და სხვა პოლიტიკურად აქტიური ფიგურების რიტორიკა, წინა საპარლამენტო არჩევნებზე იდენტური იყო. 4 წლის წინ საუბრები გაყალბებულ პირადობის მოწმობებზე - “საერთაშორისო გამჭვირვალობისა“ და “საიას“ მხრიდან პროკურატურისთვის მოკვლევის დაწყების წინაპირობაც გახდა. თუმცა, მაშინ არასამთავრობოებმა მტკიცებულებების წარმოდგენასა და საგამოძიებო უწყებისთვის ინფორმაციის წყაროს დასახელებაზე უარი თქვეს. სახელისუფლებო პარტიას, ოპონენტების უცვლელი ტაქტიკა არწმუნებს, რომ ოპოზიცია მხოლოდ ქუჩის პროცესებისთვის ემზადება.

პირადობის დამადასტურებელი მოწმობების სავარაუდოდ, უკანონოდ მითვისება, დღესაც თამარ კორძაიას ბრიფინგის მთავარი თემა იყო.

“ნაცმოძრაობის“ წევრი, ისე როგორც 4 წლის წინ ახლაც ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ამ ფორმით არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობს. რამდენიმე წლის წინ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, კორძაია არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ამხილა. თუმცა ახლა დეპუტატს წარსულზე საუბარი არ სურს და კვლავ ირწმუნება, რომ ოცნება პერსონალური მონაცემების კანონსაწინააღმდეგოდ გამოყენებას ცდილობს.

რატომ არ მიაწოდა ე.წ. “ყალბი პირადობების“ შესახებ ინფორმაცია პროკურატურას მესამე სექტორმა - ამ კითხვაზე დღეს ეკა გიგაურს არ უპასუხია. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში კი თქვეს, რომ დანაშაულის ნიშნების გამოვლენა, მხოლოდ პროკურატურის პრეროგატივა იყო, თუმცა რატომ არ მიაწოდეს უწყებას წყაროს შესახებ ინფორმაცია, არ აუხსნიათ.

2020 წლის მსგავსად, ოპოზიციისა და მესამე სექტორის წინასაარჩევნო ტაქტიკა რომ თანხვედრაშია, მმართველი გუნდისთვის ლოგიკურად გამოიყურება. “ქართულ ოცნებაში“ ოპონენტების მხრიდან ელექტორატის კვლავ მიზანმიმართული მოტყუების მცდელობაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ყალბი პირადობების, წესის დარღვევით ხმის მიცემის და გაყალბებულ წინასწარი დათვლის შედეგების მიუხედავად, 4 წლის წინ ოპოზიციამ მიზანს ვერ მიაღწია. ოპონენტების ტაქტიკას ოცნებაში წელსაც უშედეგოს უწოდებენ.

საპარლამენტო არჩევნებამდე 9 დღით ადრე, პოლიტიკური ძალები აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობენ. ოპოზიციის ერთ-ერთ მთავარ გზავნილს, დაპირებებთან ერთად, 2020 წლის მსგავსად კვლავ, სავარაუდო გაყალბებაზე წინასწარ საუბარი წარმოადგენს.

დღის ამბები