სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციასთან დაკავშირებით, გრიგოლ ლილუაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ უწყების განცხადება იყო პრევენციული ხასიათის და სუს-მა გააფრთხილა ის პირები, რომლებიც ქვეყნის ყოველდღიურობაში დისონანსის შეტანას ცდილობენ.
გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, თუ ისინი კანონს დაარღვევენ, უწყება მათ წინააღმდეგ შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს.
საუბარია ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, არჩევნების წინ, ხელოვნური ინტელექტის და სხვა ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ.
“ეს გაკეთდა იმ ჯგუფებისათვის გასაფრთხილებლად, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საქმის სერიოზულობიდან გამომდინარე. თუკი ისინი გადალახავენ დანაშაულებრივ ზღვარს, მათ მიმართ აუცილებლად გატარებული იქნება ღონისძიებები,“ - აცხადებს გრიგოლ ლილუაშვილი.