17 აგვისტო 2026,   02:49
ვრცლად
განათლების მინისტრმა სამტრედიაში ახლად რეაბილიტირებული პირველი საჯარო სკოლა გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ვანის, ხონის, სამტრედიისა და წყალტუბოს მაჟორიტარ დეპუტატთან, გივი ჭიჭინაძესთან ერთად, სამტრედიაში ახლად რეაბილიტირებული პირველი საჯარო სკოლა გახსნა.

მინისტრმა სკოლის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საგანმანათლებლო გარემოში სწავლის დაწყება მიულოცა.

სამტრედიის პირველი საჯარო სკოლა 800 მოსწავლეზეა გათვლილი და ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია.

სკოლაში სასწავლო სივრცეებთან ერთად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი. სკოლა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: მოეწყო ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი.

"ვულოცავ სამტრედიის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი განახლებული საჯარო სკოლის შემატებას. მნიშვნელოვანი პროექტი იყო, მოხდა სრული რეაბილიტაცია. 2024 წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ 100-მდე საჯარო სკოლაში რეაბილიტაციის პროცესი", - აცხადებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე.

დღის ამბები