20 ოქტომბერი 2024,   16:46
ვრცლად
"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - თბილისში დღეს მარში გაიმართება

რამდენიმე საათში თბილისში მარში დაიწყება. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტივისტები 5 სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბებიან.

მსვლელობები რესპუბლიკისა და გმირთა მოედნიდან, ორთაჭალის ტერიტორიიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან და ასევე მთაწმინდის ტერიტორიიდან 5 საათზე დაიწყება, საბოლოო შეკრების ადგილი კი, თავისუფლების მოედანი იქნება.

მარში სახელწოდებით "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" თავისუფლების მოედანზე დასრულდება.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ეროვნული მნიშვნელობის აქციაზე, რომელიც სრულიად აპოლიტიკურია, თავადაც იქნება წარმოდგენილი.

"სრულიად აპოლიტიკურ აქციაზე, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესია და რომელსაც მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს, ბუნებრივია, არაპარტიულად, ვიქნები მეც, ისევე როგორც, ჩემი მეგობრები", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

პლატფორმის "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო კამპანიის სპიკერის, ლევან სანიკიძის განცხადებით, ევროპულ მარშს არ ჰყავს კონკრეტული ორგანიზატორი, თავად "ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობა" კი, მას გმირთა მოედნიდან შეუერთდება.

"შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ მარშს არ ჰყავს კონკრეტული ორგანიზატორი. შეუძლებელია, ამ მარშის რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისთვის თუ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის მიწერა. ჩვენ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" მარშით, 5 საათიდან, დავიძვრებით გმირთა მოედნიდან", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

დღის ამბები